გიგა ბოკერია ღარიბაშვილზე: “ჩვენ მოვისმინეთ მოპუტინისტო კომენტატორის გზავნილები”
ევროპული საქართველოს თავჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა მიუნხენის კონფერენციაზე იყო მორიგი მავნებლობა.
„ყველა ნორმალური ხელისუფლება ამ დონის საერთაშორისო ტრიბუნას იყენებს საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაყენებლად და გზავნილის მისატანად პარტნიორებისა და მსოფლიოსადმი” - განაცხადა გიგა ბოკერიამ, რომლის თქმითაც, საქართველოს სჭირდება ხელისუფლება, რომელიც მიიტანს მთავარ გზავნილს, თუ რატომ იმსახურებს საქართველო მორალურად და რატომ სჭირდება პრაგმატულად დასავლეთს საქართველოს შეყვანა მის უსაფრთხოების სისტემაში, ნატოში ნებისმიერი ფორმით, რატომ არის ჩვენი ადგილი იქ და რატომ არის არა მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესი, არამედ დასავლეთისაც.
“ამას აკეთებს უკრაინის ხელისუფლება ყოველ გამოსვლაზე. ამის ნაცვლად ჩვენ მოვისმინეთ ცუდი კომენტატორის გზავნილები. არცერთი გზავნილი, თუ რატომ არის საქართველო მნიშვნელოვანი დასავლეთისთვის, არ გაგვიგია. ჩვენ მოვისმინეთ მოპუტინისტო კომენტატორის გზავნილები. სხვას არაფერს არ ქვია ღალატი, თუ არა ასეთი საერთაშორისო ტრიბუნის არ გამოყენებას საქართველოს ინტერესებისთვის”- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მიუნხენში უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია 17-19 თებერვალს იმართება. წელს მისი ცენტრალური თემა უკრაინის ომია.კონფერენციაში მონაწილეობს მრავალი სახელმწიფოს ლიდერი და მაღალი რანგის წარმომადგენელი, მათ შორის გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი. რუსეთის დელეგაცია მიუნხენში არ მიიწვიეს, განსხვავებით ემიგრაციაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან.