უკრაინამ და რუსეთმა ბირთვულ შანტაჟში დასდეს ერთმანეთს ბრალი
პოლონეთში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მოახლოებული ვიზიტის ფონზე, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავის წინ შედგება, რუსეთში მასშტაბური ბირთვული წვრთნა გაიმართება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროსვე დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობაშია ლაპარაკი. რუსეთის მხარეს ჯერჯერობით არ განუცხადებია წვრთნის თაობაზე.
ცნობაში ნათქვამია, რომ რუსეთში ჩატარდა ცენტრალური საბრძოლო მართვის სისტემა „მონოლიტის“ შემოწმება, თავად სისტემა კი საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს დონეზე გადაიყვანეს. სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალები ემზადებიან საზღვაო და სახმელეთო ბაზირების ბალისტიკური რაკეტებისა და ფრთოსანი რაკეტების გასაშვებად.
უკრაინის დაზვერვის მტკიცებით, ამ მოქმედებების მიზანია, „პირდაპირი ბირთვული შანტაჟის გზით“ შეუშალონ ხელი ბაიდენის 20-22 თებერვლის ვიზიტს ევროპაში და დაასუსტონ უკრაინის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერა.
თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კვირას უკრაინას დასდო ბრალი ბირთვულ შანტაჟში. უწყების ცნობაში ნათქვამია, რომ „ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს ტერიტორიიდან“ უკრაინაში ჩაიტანეს „კონტეინერები რადიოაქტიური ნივთიერებებით“, რათა მოახდინონ „გარემოს ადგილობრივი დაბინძურების ინსცენირება ერთ-ერთ რაიონში“, რადიაციული თვალსაზრისით სახიფათო ერთ-ერთი ობიექტის მახლობლად. ამტკიცებენ, რომ ამისთვის პასუხისმგებლობას რუსეთს დააკისრებენ და ეს მოხდება თითქოს გაეროს საგანგებო სესიის წინ, რომელიც ომის დაწყების წლისთავის წინაა დაგეგმილი.
რუსეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში არაერთხელ სდებდნენ უკრაინას ბრალს მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებული პროვოკაციებისთვის მზადებაში. ამასთან, ეს პროვოკაციები, რომლებზეც ლაპარაკობდნენ ისინი, არცერთხელ არ მომხდარა.