ბორელმა ევროპის ქვეყნებს მოუწოდა ნაკლები ტაში უკრან ზელენსკის და მეტი ჭურვი მიაწოდონ მას
ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა კვირას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას უკრაინაზე ისაუბრა. მან მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდა გააძლიეროს და, რაც მთავარია, დააჩქაროს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენა. ბორელმა თქვა, რომ ამ საკითხს მიეძღვნება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელიც 6-7 მარტს გაიმართება.
ბორელმა აღნიშნა, რომ უკრაინა ამჟამად კრიტიკულ ვითარებაში იმყოფება ჭურვებითა და საბრძოლო ტექნიკით მომარაგების თვალსაზრისით და განაცხადა, რომ კიევს დახმარება უნდა აღმოუჩინონ რაც შეიძლება სწრაფად - უახლოესი კვირების განმავლობაში. მან გააკრიტიკა ევროპის ქვეყნებში გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურება, მაგალითად, უკრაინისთვის ტანკების გადაცემის საკითხში და მოუწოდა მათ, სიტყვებიდან საქმეზე გადავიდნენ.
„ევროკავშირი - ეს უკრაინის არმიაა, ვინაიდან ეს კონფლიქტი ევროპის უსაფრთხოებისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს,“ აღნიშნა ბორელმა.
მისი აზრით, უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების გამო ევროპის ქვეყნებმა შესაძლოა საკუთარი მარაგების ნაწილი დაკარგონ. ასეთ შემთხვევაში, თქვა მან, აუცილებელია განვასხვაოთ მოკლევადიანი და გრძელვადიანი ამოცანები. ევროკავშირის ქვეყნებმა მომავალში უნდა გაზარდონ საკუთარი სამხედრო მრეწველობის საწარმოო სიმძლავრეები.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა უკვე განეკუთვნება „ევროპულ ოჯახს“. ბორელის აზრით, დარჩა მხოლოდ ამ მიკუთვნებულობის დაკანონება. მაგრამ ამისთვის უკრაინას მოუწევს „საშინაო დავალების შესრულება“, რაშიც ევროკავშირი მზადაა, დაეხმაროს მას, თქვა ბორელმა. მან მოუწოდა დასავლეთის ქვეყნებს, „ნაკლები ტაში უკრან ზელენსკის და მეტი ჭურვი მიაწოდონ მას“.
მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია 17-19 თებერვალს ტარდება. წელს მისი ცენტრალური თემა არის უკრაინა. კონფერენციაში მონაწილეობენ მრავალი ქვეყნის ლიდერები და მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი. რუსეთის დელეგაცია მიუნხენში არ დაპატიჟეს. სამაგიეროდ მიიწვიეს უცხოეთში მცხოვრები ისეთი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, როგორებიც არიან მიხაილ ხოდორკოვსკი, გარი კასპაროვი და სხვები.