დიდთოვლობის გამო ოკუპირებული ჯავის რაიონის სოფლების ნაწილი გარესამყაროსაა მოწყვეტილი
ოკუპირებულ ჯავის რაიონში დიდთოვლობის გამო სოფლების ნაწილი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „რეს"-ს ოკუპირებული ჯავის ადმინისტრაციიის ხელმძღვანელმა ვანდა თიბილოვამ განუცხადა. მისივე თქმით, მუნიციპალური სამსახურები დათოვლილ გზებს დილიდან ასუფთავებენ, თუმცა ზოგიერთი დასახლება რაიონულ ცენტრს კვლავ მოწყვეტილია.
„დილიდან მთელი ჩვენი ტექნიკა ჩართულია გზების წმენდაში. უკვე გაწმენდილია სოფლების უიციფარსის და მორგოს მისასვლელი გზები ახლა მუშაობენ ბუზალას მიმართულებით", - განაცხადა მან. თიბილოვამ აღნიშნა, რომ ტექნიკა მუშაობს სოფელ კროზის მიმართულებითაც და დასძინა, რომ სოფლების ჟრიასა და ბარსის მიმართულებით მოძრაობა შეუძლებელია.
„რაც შეეხება სოფლებს ედისსა და ერმანს, იქ სამუშაოების დაწყების შესაძლებლობა ჯერ არ არის, რადგან მაღალმთიანეთში თოვა გრძელდება და ხილვადობა ნულოვანია“, - განაცხადა დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
რამდენიმე დღეა ოკუპირებულ რეგიონში უამინდობა პრობლემებს ქმნის, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ორი დღის განმავლობაში სოფლების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი, დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების გამო.
რუსეთთან დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალიც დაკეტილია დიდთოვლობისა და ზვავების ჩამოწოლის გამო. ორი დღის წინ გზაზე ჩამოწოლილმა ზვავმა მანქანაც მოიყოლა. მგზავრები უვნებლად გადარჩნენ. რეგიონში უამინდობა გრძელდება. ტრანსკავკასიური მაგისტრალი კი ერთადერთი გზაა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონს რუსეთის ფედერაციასთან აკავშირებს. ავდრის, დიდთოვლობის და ზვავების გამო, ზამთარში მაგისტრალი რამდენიმე დღით იკეტება და ოკუპირებული რეგიონი იზოლირებული რჩება ხოლმე. ეს მაგისტრალი მაღალმთიან რელიეფზე გადის და ზამთრის გარდა, გაზაფხულზე მეწყერიც ქმნის პრობლემებს.