რუსეთმა მილსადენ „დრუჟბის“ გავლით პოლონეთს ნავთობის მიწოდება შეუჩერა
რუსეთმა „დრუჟბის“ მილსადენით პოლონეთს ნავთობის მიწოდება შეუჩერა, - ამის შესახებ ცნობა პოლონური ნავთობგადამამუშავებელი კომპანია PKN Orlen-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ობაიტეკმა განაცხადა.
მისი თქმით, კომპანია ამისთვის სრულად იყო მომზადებული. "ნედლი ნავთობის მხოლოდ 10%-ი მოგვეწოდება რუსეთიდან, რასაც ჩვენ სხვა წყაროებიდან მიღებული ნავთობით ჩავანაცვლებთ", - წერს ობაიტეკი.
კომპანია ნავთობს რუსულ „ტატნეფტთან“ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე იღებდა. ეს კონტრაქტი 2024 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო .
როგორც სააგენტო "როიტერსი" წერს, რუსეთიდან ნავთობის მიწოდება შეწყდა მას შემდეგ, რაც პოლონეთმა უკრაინას გერმანული „ლეოპარდის“ ტანკების პირველი პარტია გადასცა.
კომპანია PKN Orlen-ი აცხადებს, რომ შეუძლია სრულად უზრუნველყოს თავისი ქარხნები საზღვაო ტრანსპორტით და რომ მილსადენით საწვავის მიწოდების შეჩერება გავლენას არ მოახდენს მომხმარებლებისთვის ბენზინისა და დიზელის საწვავის მიწოდებაზე.
„დრუჟბა“ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი, 4000 კილომეტრის სიგრძის ქსელია, რომელიც საბჭოთა კავშირიდან სოციალისტური ბლოკის ქვეყნების ნავთობის მომარაგებისთვის აიგო 1950-იან და 1960-იან წლებში.