ცხინვალის ციხიდან ლაშა ხეთერელი გაათავისუფლეს
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლაშა ხეთერელი თავისუფალია. ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ხეთერელის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცხელი ხაზის მეშვეობით მუდმივ კავშირზე იყო. პროცესში უშუალოდ იყვნენ ჩართულები საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები.
ლაშა ხეთერელი საოკუპაციო ძალების მიერ რამდენჯერმე იყო დაკავებული. „ლაშა ხეთერელის უკანონო დაკავებისა და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატებში გამართულ შეხვედრებზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად განაგრძობს მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად“, - აღნიშნავს სუს-ი.
ამჟამად ცხინვალის ციხეში საქართველოს ხუთი მოქალაქე რჩება.