ოხანაშვილის თქმით, ყიფიანი ივანიშვილის ადვოკატი აღარ არის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ მათი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი აღარ არის ვიქტორ ყიფიანი. ჟურნალისტებმა ამ საკითხზე კითხვა მას შემდეგ დასვეს, რაც ყიფიანის ინტერვიუები გავრცელდა, რომელშიც ის მმართველი პარტიის წევრებს აკრიტიკებდა.
"გავრცელებული ინფორმაციით, იცით თქვენც, რომ ბატონი ყიფიანი ბატონ ივანიშვილის საადვოკატო მომსახურებას გარკვეული პერიოდია აღარ ეწევა და აღარ არის მასთან დაკავშირებული და რატომ გსურთ, რომ ეს დაკავშიროთ რაიმე ფორმით ჩვენთან, ვერ ვხვდები...
ჯერ კიდევ წინა კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რატომ არ თანამშრომლობს ბატონი ბიძინა ივანიშვილი ბატონ ვიქტორ ყიფიანთან და ეს ინფორმაცია როგორც ჩანს, აქამდე შესაბამის ტელევიზიებს არ გაუაქტიურებიათ სათანადოდ. კიდევ ერთხელ, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელიც ჯერ კიდევ წინა კვირას გავრცელდა, ბატონი ივანიშვილი არ სარგებლობს ბატონი ყიფიანის საადვოკატო მომსახურებით", - თქვა ოხანაშვილმა.
რადიო თავისუფლებას სურდა დეპუტატთან დაკავშირება და დაზუსტება, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ ყიფიანი ივანიშვილს საადვოკატო მომსახურებას აღარ უწევს. პარტიაში ამბობენ, რომ ამ საკითხზე დამატებითი განმარტებები არ გავრცელდება.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა ოხანაშვილს ასევე ჰკითხეს, რას ფიქრობდა ბიძინა ივანიშვილი ე.წ. აგენტების კანონის შესახებ, რომელმაც ქალაქში ათასობით ადამიანი გამოიყვანა.
"ივანიშვილი აღარ არის პოლიტიკაში და არასწორია, მე დამისვათ კითხვა იმ ადამიანთან დაკავშირებით, ვინც პოლიტიკაში არ არის ჩართული", - უპასუხა ოხანაშვილმა ჟურნალისტებს.
რადიო თავისუფლებამ შეტყობინება გაუგზავნა ვიქტორ ყიფიანსაც, პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
თბილისში რამდენიმე დღის განმავლობაში იმართებოდა აქციები იმ კანონპროექტების წინააღმდეგ, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის, "ხალხის ძალის" მიერ იყო ინიციირებული. ამ კანონპროექტების მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირება მოუწევდა ყველა იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც შემოსავლის მინიმუმ 20 პროცენტს იღებდნენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისგან, მათ შორის აშშ-ის საელჩოდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან.
ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვეტილება შეცვალა. კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტმა მეორე მოსმენით 10 მარტს ჩააგდო.