რუსეთის ელჩი აშშ-ში: რუსულ თვითმფრინავზე თავდასხმა ნეიტრალურ სივრცეში ომის გამოცხადება იქნებოდა
აშშ-ში რუსეთის ელჩის, ანატოლი ანტონოვის განცხადებით, რუსულ თვითმფრინავზე განზრახ თავდასხმა ნეიტრალურ საჰაერო სივრცეში იქნებოდა ომის ღია გამოცხადება ბირთვული სახელმწიფოსთვის.
„ზოგი კანონმდებლის მოწოდება საღი აზრის ფარგლებს სცდება“, - ნათქვამია დიპლომატის კომენტარში, რომელსაც აშშ-ში რუსეთის საელჩო ავრცელებს.
ანტონოვი ასე გამოეხმაურა ამერიკელი სენატორის, ლინდსი გრეჰემის განცხადებას, რომლის თანახმად, აშშ-მა უნდა ჩამოყაროს რუსული თვითმფრინავები, რომლებიც საერთაშორისო საჰაერო სივრცეში აშშ-ის საფრენ აპარატს კიდევ მიუახლოვდებიან.
"რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ დეტალურად განმარტა შავ ზღვაზე გუშინ (14 მარტს რედ. ) მომხდარი ინციდენტის დროს რუსი პილოტების ქმედების მიზეზები და თანმიმდევრობა. ვიმეორებ მათთვის, ვინც ძალა ვერ იპოვა სიტუაციას ობიექტურად შეხედოს: ჩვენი გამანადგურებლები ამერიკულ უპილოტო საფრენ აპარატთან კონტაქტში არ შესულან, რუსეთმა ყველაფერი გააკეთა მსგავსი ინციდენტების თავიდან ასარიდებლად, წინასწარ აცნობა საერთაშორისო საზოგადოებას სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად რაიონის საზღვრებში საჰაერო სივრცის გამოყენების დროებითი რეჟიმის შესახებ. რა თქმა უნდა, პენტაგონი ნაწყენია ძვირადღირებული ტექნიკის დანაკარგით, მაგრამ მოცემული შემთხვევაში აშშ-ის სამხედროებმა არაპროფესიონალურ ქმედებებზე ბრალდებები სჯობს საკუთარ თავს წაუყენონ", - ნათქვამია ელჩის განცხადებაში.
ანტონოვის თანახმად, „რუსეთის თვითმფრინავზე განზრახ თავდასხმა ნეიტრალურ საჰაერო სივრცეში არა მხოლოდ საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული დანაშაული, არამედ ომის ღია გამოცხადებაა უმსხვილესი ბირთვული ძალის წინააღმდეგ. შეიარაღებული კონფლიქტი რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის რადიკალურად განსხვავებული იქნება პროქსი ომისგან, რომელსაც ამერიკელები ეწევიან ჩვენ წინააღმდეგ უკრაინაში. მზადაა კაპიტოლიუმი ამერიკის მოქალაქეები და საერთაშორისო საზოგადოება სრულმასშტაბიანი ბირთვული ომის საფრთხის წინაშე დააყენოს? გვიპასუხეთ, პატივცემულო სენატორო!".
ანტონოვი აცხადებს, რომ არ ესწრაფვიან ბირთვულ სახელმწიფოსთან ომს და განაგრძობენ კავშირს თავდაცვის სამინისტროების ხაზით, წინასწარი განზრახვის გარეშე შეჯახების თავიდან ასარიდებლად.
წუხელ აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი რუს კოლეგას, სერგეი შოიგუს ტელეფონით დაუკავშირდა. საუბარი შედგა „ამერიკის მხარის ინიციატივით“, იტყობინებიან რუსეთის საინფორმაციო საშუალებები რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
შეერთებულმა შტატებმა 14 მარტს განაცხადა, რომ შავი ზღვის თავზე რუსეთის გამანადგურებელთან შეტაკების შედეგად ჩამოვარდა მისი სადაზვერვო დრონი MQ-9 Reaper-ი, რომელიც, როგორც იტყობინებიან, საერთაშორისო სივრცეში ასრულებდა დავალებას.