ბლინკენი: აშშ სომხეთს სთავაზობს აზერბაიჯანთან ორმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის ხელშეწყობას
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართეს 20 მარტს და სხვათა შორის, განიხილეს აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკების თემა.
ბლინკენმა ერევანს დაუდასტურა, რომ აშშ ორმხრივ სამშვიდობო მოლაპარაკებას ხელს შეუწყობს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იტყობინება.
ბლინკენმა „დაადასტურა, რომ აშშ ემხრობა პირდაპირ მოლაპარაკებებს და დიპლომატიას სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი და მტკიცე მშვიდობის დამყარების მიზნით და აღნიშნა, რომ ომის გზით მოგვარება არ არსებობს,“ - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
სომხეთის პრემიერის ოფისის თანახმად, ბლიკენმა გაიმეორა მოწოდება ლაჩინის დერეფანში ბლოკადის მოხსნის შესახებ და გამოთქვა ამ პროცესში თანადგომის მზადყოფნა. ლაჩინის დერეფანი ერთადერთი გზაა, რომელიც აზერბაიჯანის სომხებით დასახლებულ მთიანი ყარაბაღის რეგიონს საკუთრივ სომხეთთან აკავშირებს.
აზერბაიჯანელი აქტივისტების მიერ ლაჩინის დერეფნის გზის გადაკეტვის შედეგად მთიან ყარაბაღს შეუწყდა მნიშვნელოვანი პროდუქტის მიწოდების შესაძლებლობა, მწვავედ დგას სურსათის მიწოდების საკითხი, გაძვირდა პირველადი მოხმარების პროდუქტი.