ისრაელი მინისტრი: პალესტინელი ხალხი „არ არსებობს“
ისრაელის მინისტრმა, რომელიც ოკუპირებული იორდანეს დასავლეთი ნაპირის მართვისთვის არის პასუხისმგებელი, 20 მარტს საფრანგეთში განაცხადა, რომ არ არსებობს პალესტინური ისტორია და კულტურა და პალესტინელი ხალხი, იტყობინება სააგენტო Reuters-ი.
ბაცალელ სმოტრიჩის, რომელიც ისრაელის ფინანსთა მინისტრია, ადრინდელ განცხადებასაც მოჰყვა აღშფოთება, როცა მათ მარტის დასაწყისში თქვა, რომ პალესტინელთა ქალაქი „უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა.“
პალესტინელი ხალხის არსებობის შესახებ განცხადება სმოტრიჩმა გააკეთა საფრანგეთში ვიზიტისასა, როცა ის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. „არსებობს თუ არა პალესტინური ისტორია ან კულტურა? არა“ - ისმის მისი ნათქვამი ჩანაწერზე, რომელიც სოციალურ ქსელებით გავრცელდა. „არ არსებობს ასეთი გაგება, როგორიცაა პალესტინელი ხალხი“ - თქვა ისრაელმა მინისტრმა, ავრცელებს ცნობას Reuters-ი, რომლის თანახმად, სიტყვით გამოსვლისას, სმოტრიჩი იდგა ტრიბუნაზე, რომელიც ისრაელის დროშის განსხვავებული ვერსიით იყო დაფარული, რომელზეც ისრაელის სახელმწიფო გამოსახული იყო გაფართოებული საზღვრებით და მოიცავდა იორდანეს დასავლეთ ნაპირს, აღმოსავლეთ იერუსალიმს, ღაზას და იორდანიას.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ულტრამემარჯვენე კოალიციაში შემავალი რელიგიურ-ნაციონალისტური პარტიის თავმჯდომარის, სმოტრიჩის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მინისტრი სტუმრად იყო კონფერენციაზე და დროშა იქ ორგანიზატორებმა გამოფინეს. სმოტრიჩი სიტყვით გამოვიდა იმ დღეს, როცა ისრაელის და პალესტინელთა ოფიციალური წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ ეგვიპტის კურორტ შარმ-ელ-შეიხში, მუსლიმთა წმინდა თვის რამადანის და ებრაული პასექის წინ დაძაბულობის განმუხტვაზე მოსალაპარაკებლად.
პალესტინელთა პრემიერ-მინისტრმა, მოჰამად შტაიეჰმა დაგმო სმოტრიჩის სიტყვები და განაცხადა, რომ ისინი ძალადობისკენ წაქეზების თანაბარია. 2023 წლის დასაწყისიდან იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ვითარება მკვეთრად დაიძაბა და მოხდა ძალადობრივი აქტები ორივე მხრიდან. პალესტინელების მიზანია, შექმნან სახელმწიფო მათ ტერიტორიაზე, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ღაზის სექტორში, რომელიც ისრაელს აქვს ოკუპირებული 1967 წლის შემდეგ, და აღმოსავლეთ იერუსალიმში.
სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომელსაც აშშ შუამავლობდა, 2014 წელს შევიდა ჩიხში. პალესტინელები თვლიან, რომ ისრაელი ძირს უთხრის მათ იმედს, შექმნან სახელმწიფო ოკუპირებულ ტერიტორიებზე დასახლებების გაფართოებით, წერს Reuters-ი.