მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი სანქციებზე: მე ეს მაგონებს სტალინი-ბერიას ეპოქას
თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარემ, მოსამართლემ სერგო მეთოფიშვილმა სოლიდარობას გამოუცხადა კოლეგებს, რომლებსაც აშშ-მ სანქციები დაუწესა. მან „ფეისბუკის" პირად გვერდზე დაწერა, რომ იმ მოსამართლეების კორუმპირებულობის შესახებ საუბარი, რომლებსაც სანქციები დაეკისრათ, აშკარა სიცრუეა, რაც, მისი აზრით, უახლოეს მომავალში დადასტურდება.
მეთოფიშვილი მოსამართლეების წინააღმდეგ მიღებულ სანქციებს რეპრესიულ ფორმებს უწოდებს და ამას სტალინისა და ბერიას ეპოქას ადარებს.
„ჩემს განცხადებაში მინდა სხვა რამეზე გავამახვილო ყურადღება - ეს არის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ამ გადაწყვეტილების რეპრესიული ფორმა და ხასიათი. ანუ, დააკვირდით, მეგობრებო, გადაწყვეტილება ეხება არა მარტო მათთვის მიუღებელ (არასასურველ) მოსამართლეებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც!წარმოიდგინეთ - მეუღლეებს, შვილებს, მშობლებს და ა.შ. …
მე ეს მაგონებს სტალინი-ბერიას ეპოქას, რა დროსაც არსებობდა არასასამართლო ორგანოები, რომლებიც ადამიანთა ბედს უფრო “მოქნილი მექანიზმით” ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე დაჩქარებულად წყვეტდნენ. აღსანიშნავია, რომ მათი რეპრესიების მსხვერპლნი ხდებოდნენ არა მხოლოდ ბოლშევიკებისთვის პოლიტიკურად მიუღებელი პირები, არამედ ის ადამიანებიც, რომლებიც მათი ოჯახის წევრები იყვნენ.
გეთანხმებით, ძალიან ცუდი შედარებაა, თუმცა თქვენც დამეთანხმებით, რომ ფაქტი სახეზეა", - დაწერა სერგო მეთოფიშვილმა.
მოსამართლემ დაამატა: „მინდა მჯეროდეს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გადახედავს თავის გადაწყვეტილებას და დაუბრუნდება იმ ტრადიციულ ღირებულებებს, რაზეც იდგა, პირველ რიგში ეს არის სამართლიანობა, ადამიანის უფლებები, თანასწორობა, უდანაშაულობის პრეზუმფცია და ა.შ.”
5 აპრილს აშშ-ის მთავრობამ სანქციები დაუწესა საქართველოს სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს მიხეილ ჩინჩალაძეს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს
თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს ირაკლი შენგელიას
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს.
აშშ-ს საელჩომ საქართველოში განმარტა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია, რომ სანქცირებული პირები ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში სასამართლოში მათი მოქმედი თუ წინა თანამდებობებზე ყოფნის პერიოდში. მათი კორუფციული ქმედებებით ისინი აზიანებდნენ სამართლის უზენაესობასა და დემოკრატიულ პროცესებს.
საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკის მთავრობისგან მტკიცებულებები მოითხოვა.