რუსეთის დუმის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ღალატისთვის სამუდამო პატიმრობის შემოღებას
სახელმწიფო სათათბიროს სახელმწიფო მშენებლობისა და კანონმდებლობის კომიტეტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომლებიც ღალატის მუხლით უვადო პატიმრობის და ტერორისტული საქმიანობისთვის უფრო მკაცრი სანქციების შემოღებას ითვალისწინებს. კანონპროექტის მეორე მოსმენა ხუთშაბათს, 13 აპრილს, იგეგმება.
დღემდე ღალატის მუხლი ითვალისწინებდა 12-დან 20 წლამდე პატიმრობას, სასჯელაღსრულების კოლონიაში მოხდით.
საკანონმდებლო ცვლილებით, ტერორისტული აქტის მუხლით განსაზღვრული მაქსიმალური სანქციის ვადა 15-დან 20 წლამდე იზრდება, ხოლო ტერორისტულ ორგანიზაციაში პირის გაწევრიანების ან გადაბირებისთვის გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი ხუთის ნაცვლად, 7 წლით განისაზღვრება, მაქსიმალური სასჯელი - 15 წლით.
სასჯელის ზღვრის ზრდის შესახებ ცვლილება სასჯელის პირობით-ვადამდე გათავისუფლების წესზეც მოახდენს გავლენას. ასე მაგალითად, პირს, ვისაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, მხოლოდ სამაგალითო ქცევის შემდეგ და არა უადრეს 25 წლის შემდეგ ექნება შესაძლებლობა, რომ ითხოვოს პირობით-ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა.
უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის დაწყების შემდეგ რუსეთში გახშირდა მოქალაქეების ღალატში დადანაშაულების შემთხვევები. ორგანიზაცია "პირველი დეპარტამენტის" იურისტის, ევგენი სმირნოვის თქმით, ახლა ერთ თვეში რუსეთში ღალატის უფრო მეტი შემთხვევა ხდება, ვიდრე ომამდე - მთელ წლის განმავლობაში.