ხმელთაშუა ზღვაში შეიძლება ჩაიძიროს ხომალდი, რომელშიც ასეულობით მიგრანტია
ხომალდი, რომელშიც დაახლოებით 400 მიგრანტი იმყოფება, ლიბიასა და მალტას შორის არის დრეიფზე. მას ჩაძირვის საფრთხე ემურება. როგორც Reuters-ი იუწყება, ამის შესახებ განაცხადა დახმარების სამსახურმა Alarm Phone-მა.
ორგანიზაციის თანახმად, მას დაურეკეს ხომალდიდან, რომელიც ლიბიის ქალაქ ტობრუკიდან გამოვიდა. წყაროს თანახმად, ხომალდში მყოფი ხალხი პანიკითაა მოცული. მათ საწვავი გამოელიათ, ქვედა გემბანზე წყალი ჩავიდა, კაპიტანმა ხომალდი დატოვა.
გერმანიის არასამთავრობო ორგანიზაცია Sea-Watch International-ი იტყობინება, რომ კვირას ხმელთაშუა ზღვაში ჩატარდა გასაჭირში მყოფი გემების სამძებრო ოპერაცია, მათ შორის ეძებდნენ ხომალდს, რომლიდანაც დაუკავშირდნენ Alarm Phone-ს.
გერმანიის არასამთავროო ორგანიზაცია Resqship-ის თანახმად, უკანასკნელ დღეებში ხმელთაშუა ზღვაში ავარია განიცადა კიდევ ერთმა ხომალდმა, რის შედეგადაც მინიმუმ 23 მიგრანტი დაიღუპა.
რამდენიმე დღის წინ მალტის ნაპირებთან გადაარჩინეს 440 მიგრანტი. სამძებრო ოპერაცია 11 საათს გრძელდებოდა. ოპერაცია ჩაატარა ორგანიზაციამ „ექიმები უსაზღვრებოდ“.
ლტოლვილები აფრიკიდან ყველაზე ხშირად იტალიაში მიემართებიან. წელს იტალიის ნაპირებამდე უკვე 28 ათასმა აფრიკელმა ლტოლვილმა მიაღწია ხმელთაშუა ზღვის გავლით. მთელი შარშანდელი წლის განმავლობაში მათი რაოდენობა შვიდი ათასზე ნაკლები იყო.