ირაკლი მელაშვილი - "სანამ კონსენსუსი და კომპრომისი იქნება ასოცირებული გაყიდვასთან, უპრინციპობასთან და ღალატთან, არაფერი გვეშველება"
ირაკლი მელაშვილი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი ამბობს, რომ კონსენსუსი უმნიშვნელოვანესია: "მუდმივად ერთმა უნდა გაიმარჯვოს, ყველა დანარჩენი წაგებული იყოს და ციხეებში გაუშვას. მერე მეორე უნდა მოვიდეს და იგივე გაიმეოროს. ყოველი შემდგომი სულ უფრო აგრესიული ხდება. ესენი ჯობნიან აგრესიულობაში იმათ, ვინც "ნაციონალურ მოძრაობაში" იყო, "ნაციონალური მოძრაობა" ჯობნიდა იმათ, ვინც "მოქალაქეთა კავშირში" იყო".
ირაკლი მელაშვილი თანხმობის მიღწევაში ყველას პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობს: "სანამ, ჟურნალისტებით დაწყებული - ჩვენი საზოგადოებით დამთავრებული, არ გაანებებენ თავს პოლიტიკოსების მუდმივ წახალისებას დაპირისპირებისკენ და სანამ მოლაპარაკების ნებისმიერი მცდელობა არ ჩაითვლება ღალატად, მანამდე არაფერი გვეშველება. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. რასაც ვუყურებ დღეს ქართულ პოლიტიკაში, ამჯერად უკვე გვერდიდან, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის ის, რომ ყველა ყველას ექაჩება იმისკენ, რომ შეთანხმებები არ მოხდეს - რატომ დაჯექი იმასთან, იმას რატომ ელაპარაკები, იმას რატომ შეუთანხდმი და იმას რატომ გაურიგდი? აბა, როგორ გვინდა ცხოვრება?.. როგორ გვინდა გამოიკვეთოს, რა არის ერთიანი სახელმწიფო ინტერესი?!
თუკი კონსენსუსით და კომპრომისების გზით სიარულს არ შევეჩვიეთ და არ შევაჩვიეთ ჩვენი პოლიტიკოსები, სულ ვიქნებით იმ მდგომარეობაში, როცა პოლიტიკის მთავარი არსი იქნება არა სახელმწიფიოებრივი ინტერესების და საზოგადოების ინტერესების მსახური, არამედ ეგოცენტრისტი პოლიტიკური ლიდერების ინტერესების მსახური და მივიღებთ იმას, რაც დღეს გვაქვს ქვეყანაში".