"დღესაც, ამ გალიაში მჯდომს, მიყვარს ჩემი ქვეყანა“, - ვლადიმირ ყარა-მურზამ სასამართლოში ბოლო სიტყვა წარმოთქვა
რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ვლადიმირ ყარა-მურზამ, რომელსაც ღალატში და რუსული არმიის შესახებ ყალბი ცნობების გავრცელებაში ადანაშაულებენ, ორშაბათს სასამართლოში ბოლო სიტყვა წარმოთქვა. სასამართლოს სხდომაზე, რომელიც დახურული იყო, მან თქვა, რომ უდანაშაულა და რომ ამაყობს იმით, რასაც აკეთებდა. ყარა-მურზას გამოსვლა სრულად მის ტვიტერზე გამოქვეყნდა.
"დღესაც, ჩვენს ირგვლივ არსებულ სიბნელეშიც კი, ამ გალიაში მჯდომს, მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და მჯერა ჩვენი ხალხის. მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ ამ გზით გავლას,“- წერს ვლადიმირ ყარა-მურზა.
ყარა-მურზა მიიჩნევს, რომ რუსეთში სამართლებრივი მდგომარეობა მეოცე საუკუნის 1930-იანი წლების მსგავსია. მან აღნიშნა, რომ ის ხელს მოაწერს პროკურატურის ბრალდების ყველა პუნქტს, რომელშიც ღალატად არის მიჩნეული რუსეთში არსებული მდგომარეობის შესახებ დასავლეთის ქვეყნებში მის მიერ გაკეთებული განცხადებები და ხაზს უსვამს, რომ ამაყობს თავისი ქმედებებით. ის საკუთარ თავს ადანაშაულებს მხოლოდ იმაში, რომ თავისი საქმიანობის მრავალი წლის განმავლობაში ვერ შეძლო საკმარისად დაერწმუნებინა თანამოქალაქეები იმაში, თუ რამდენად საშიშია კრემლის რეჟიმი.
სასამართლო ვლადიმირ ყარა-მურზას საქმეზე განაჩენს მომავალ ორშაბათს, 17 აპრილს გამოაცხადებს.
ზუსტად ერთი წლის წინ 41 წლის პოლიტიკოსი რუსეთში დააკავეს და 15 დღით მიუსაჯეს პატიმრობა პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობის ბრალდებით. მოგვიანებით მას წაუყენეს ბრალდება, რომ ის რუსეთის არმიის შესახებ ყალბ ინფორმაციას ავრცელებდა აშშ-ის არიზონის შტატის კანონმდებლებთან საუბარში.
გასული წლის ოქტომბერში პატიმრობაში მყოფ რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს მიენიჭა ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემია ადამიანის უფლებების სფეროში. პრემიას ყოველწიურად გასცემს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE), და პატივს მიაგებს ადამიანის უფლებების დაცვისთვის გაწეულ "გამორჩეულ" სამოქალაქო ძალისხმევას.