ლევან ბერძენიშვილი კეზერაშვილზე: არ უნდა დავარქვათ დამნაშავე მანამ, სანამ სასამართლოს ასეთი რამ არ უთქვამს
„რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი BBC-ის რეპორტაჟს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ე.წ. ქოლცენტრების საქმის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ტელეკომპანია „ფორმულას“ მფლობელი დავით კეზერაშვილი სახელდება.
როგორც ლევან ბერძენიშვილმა PIA.GE-სთან საუბარში აღნიშნა, ის დავით კეზერაშვილის შეფასებისგან თავს იკავებს, რადგან არ მიაჩნია სწორად, როცა სასამართლოს განაჩენამდე ადამიანს დამნაშავეს უწოდებენ.
„საქმე არის ასე, რომ არის ვარაუდები, რომლებიც ძალიან ჰგავს სიმართლეს, მაგრამ არ არის სასამართლოს დადგენილება და არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომელიც ისე იცავს კეზერაშვილს, როგორც ნებისმიერ ადამიანს. ამ ვითარებაში, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავკარგოთ ეს მომენტი – არ დავარქვათ დამნაშავე მანამ, სანამ სასამართლოს ასეთი რამ არ უთქვამს. ამიტომ, მე ძალიან სერიოზულად შევიკავებდი თავს კეზერაშვილის შეფასებისგან“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
ლევან ბერძენიშვილის თქმით, არც ერთი მილიარდერი და მილიონერი არ უნდა მართავდეს ხელისუფლებას მიუხედავად იმისა, თუ რა გზით აქვს ფული ნაშოვნი.
„მე მინდა ისეთი ქვეყანა, რომელსაც მართავენ პოლიტიკოსები და არა მილიარდერები და მილიონერები. ეს ყველას ეხება, კარგ, კეთილ მილიონერს, კარგად ვინც იშოვა, ცუდად ვინც იშოვა, თუ გინდა, ფეხბურთელი კალაძე იყოს, მე არ მინდა მილიონერი პოლიტიკაში და ანტიოლიგარქიული კანონი ზუსტად ამ მიმართულებით უნდა მიდიოდეს, რომ ფულიანი ხალხი პოლიტიკას არ უნდა გავაკაროთ“, – ამბობს ლევან ბერძენიშვილი.
აუდიო მასალის შემდეგ, BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმიც გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.
ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
მანამდე BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.