93 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯაზის გამოჩენილი პიანისტი აჰმად ჯამალი
93 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯაზის გამოჩენილი პიანისტი აჰმად ჯამალი. ამის შესახებ მისმა ქალიშვილმა შეატყობინა The Washington Post-ს.
კრიტიკოსები აჰმად ჯამალს 60 წლის განმავლობაში მიიჩნევდნენ ჯაზის ერთ-ერთ ყველაზე უფრო გავლენიან მუსიკოსად.
ჯამალმა, რომელმაც მუსიკალური კარიერა 1944 წელს დაიწყო, დიდი გავლენა მოახდინა ჯაზის მუსიკოსთა რამდენიმე თაობაზე და საერთოდ დიდი წვლილი შეიტანა ჯაზის განვითარებაში.
აჰმად ჯამალი პიტსბურგში დაიბადა, ფორტეპიანოს დაკვრა სამი წლის ასაკში დაიწყო. მისი მასწავლებელი იყო შავკანიან შემსრულებელთა პირველი საოპერო დასის ხელმძღვანელი მერი კარდუელ დოუსონი. ჯამალი ჯერ კიდევ მოწაფეობისას ირჩენდა თავს დაკვრით. მისი უკანასკნელი ალბომი 2019 წელს გამოვიდა.
გავლენიანი ჟურნალი Rolling Stone-ი აღნიშნავს, რომ მუსიკოსი, რომელსაც დაბადებისას ერქვა ფრიც ჯონსი, ერთ-ერთი პირველი აფრიკელი ამერიკელი მუსიკოსი იყო, რომელმაც საჯაროდ მიიღო ისლამი და სახელი გამოიცვალა - ეს მან ჯერ კიდევ 50-იან წლებში გააკეთა.
1994 წელს აშშ-ის ხელოვნების ეროვნულმა ფონდმა აჰმად ჯამალს ჯაზის ოსტატის წოდება მიანიჭა. 2017 წელს მან პრემია „გრემი“ მიიღო ცხოვრების მანძილზე მიღწევებისთვის მუსიკის სფეროში. ამ პრემიას ანიჭებენ შემსრულებლებს, რომლებმაც დარგში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.