დანილოვი: ჩვენ ჯერ ვერ ვხედავთ რუსეთის მიერ ჩინური იარაღის გამოყენებას
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, ჯერჯერობით უკრაინაში რუსეთის მიერ ჩინური წარმოების იარაღის გამოყენება არ შეუნიშნავთ. ამის შესახებ დანილოვმა ТСН-თან ინტერვიუში განაცხადა.
„დღესდღეობით ჩვენ ვერ ვხედავთ ფრონტზე ჩინეთში წარმოებული იარაღის არსებობის ნიშანს. აქ რომ გამოჩნდნენ... გახსოვთ, როცა ირანული დრონები გამოჩნდა, ამის შესახებ მაშინვე განვაცხადეთ. მეტიც, ნაწილებად დავშალეთ და ოფიციალურად მივმართეთ იმ ქვეყნებსაც, რომელთა წარმოების კომპონენტებიც იყო გამოყენებული... ჩვენ ახლა ფრონტზე ჩინურ იარაღს ვერ ვხედავთ. როგორც კი ეს მოხდება, მაშინვე ვაცნობებთ საზოგადოებას და მსოფლიოს. მაგრამ ჩინეთის წინაშე არსებული გლობალური საკითხებიდან გამომდინარე, დღეს ვერ ვხედავთ მიზეზს, რატომ უნდა მიაწოდოს მან იარაღი რუსეთის ფედერაციას“, - განაცხადა დანილოვმა.
დანილოვმა კომენტარი გააკეთა ინფორმაციაზე, რომელიც თითქოს პენტაგონიდან გაჟონილ ამერიკულ სადაზვერვო დოკუმენტებს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, თითქოს ჩინეთმა რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდებაზე თანხმობა განაცხადა.
„ახლა შესაძლოა გამოჩნდეს დამატებითი ე.წ. დოკუმენტები, რომლებსაც თითქოს ამ გაჟონვასთან აქვს კავშირი“, - თქვა დანილოვმა.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელის თქმით, რუსეთი „ყველა ქვეყანას სთხოვს დახმარებას, ვინაიდან მას იარაღი არ ჰყოფნის“, მათ შორის ჩინეთს, „მაგრამ რუსეთი ხვდება, რომ მას ჩვენი დამარცხება ომით არ შეუძლია. ახლა მას შიდა დესტაბილიზაციის გეგემა აქვს, ესაა ახლა მათთვის პრიორიტეტი“, - განაცხადა დანილოვმა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა არ მიჰყიდის იარაღს უკრაინის ომში ჩართულ მხარეებს და დაარეგულირებს ორმაგი დანიშნულების სამოქალაქო და სამხედრო საქონლის ექსპორტს.