ბრძოლა ჩვენი სახლიდან ერთ კილომეტრშია - სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქე
მამუკა მარკოზაშვილი ერთ-ერთია იმ 30-მდე საქართველოს მოქალაქეს შორის, რომელიც სუდანის დედაქალაქში ევაკუაციის დაწყებას ელოდება. სხვა ქართველების მსგავსად ის ხართუმში სამსახურიდან მივლინებით არის ჩასული - ის ავიაკომპანია MyWay Airlines-ში მუშაობს.
მარკოზაშვილთან ინტერნეტის პრობლემის გამო კომუნიკაცია მხოლოდ მოკლე ტექსტური შეტყობინებებით იყო შესაძლებელი. ის რადიო თავისუფლებას უყვება, რომ არეულობა ქალაქში მოულოდნელად დაიწყო.
"ჩვენი კომპანიიდან მივლინებაში 13 ადამინები ვართ, მფრინავები, ბორტგამცილებლები, ინჟინრები. ჩვენ ორთვიანი როტაციები გვაქვს ხოლმე, პირველად არ ვართ. შევასრულე რეისი დუბაი-ხართუმი და ნახევარ საათში დაიწყო ეს სამხედრო მოქმედებები, მანამდე სიმშვიდე იყო არაფერი ვიცოდით", - იხსენებს ავიაკომპანიის თანამშრომელი.
მისივე თქმით, მათ კომუნიკაცია აქვთ არამხოლოდ კომპანიის ხელმძღვანელებთან თბილისში, არამედ საქართველოს საკონსულოსთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან - "ყველაფერს ცდილობენ ჩვენს გამოსაყვანად".
"სადაც ჩვენ ვცხოვროთ, შედარებით უსაფრთხოა. ბრძოლა 1-1,5 კილომეტრშია ჩვენი სახლიდან. ქუჩაში ჯარისკაცებიც არ მინახავს", - ამბობს ის.
სუდანში ახლა საქართველოს 30-მდე მოქალაქეა. ყველა მათგანი მუშაობს ორ ავიაკომპანიაში, რომელიც ხართუმიდან ასრულებდა ფრენებს.
16 აპრილის ღამეს სუდანში გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი რეაგირების ძალებსა" და ქვეყნის რეგულარულ არმიას შორის დაპირისპირება დაიწყო. სუდანის არმიამ დედაქალაქის მიმდებარედ, ომდურმანში, საჰაერო დარტყმები განახორციელა "სწრაფი რეაგირების ძალების" ბაზებზე.
BBC სუდანის ექიმთა კავშირის ცნობებზე დაყრდნობით წერს, რომ დაღუპულია 100 მშვიდობიანი მოქალაქე.
მოქალაქეების ცნობით, სუდანის დედაქალაქსა და მის გარშემო ისმის მძიმე არტილერიის მუშაობის ხმები.
სუდანის არმიის მთავარსარდალი, გენერალი აბდელ ფატახ ალ-ბურხანი ალ-ჯაზირასთან კომენტარში აცხადებს, რომ მზადაა, აწარმოოს მოლაპარაკებები "სწრაფი რეაგირების ძალებთან".
მისი თქმით, თუკი ისინი უარს იტყვიან მოლაპარაკებებზე და არ დაყრიან იარაღს, სუდანის დედაქალაქში, ხართუმსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში შეიყვანენ სამხედრო ძალებს.
„სწრაფი რეაგირების ძალები“ ეს არის გასამხედროებული ფორმირება, რომელიც არ შედის სუდანის რეგულარულ არმიაში და არ ექვემდებარება თავდაცვის სამინისტროს. 2019 წელს მათ მიერ ორგანიზებული სამხედრო გადატრიალების შედეგად, ხელისუფლებას ჩამოსცილდა სუდანის ავტორიტარული პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი. 2021 წელს ორგანიზაციამ, რომელიც 100 ათასი ადამიანისგან შედგება, კიდევ ერთი სამხედრო გადატრიალება მოახდინა.