მელია ახალი ოფისის გახსნაზე: მივიღეთ გადაწყვეტილება, გაგვეგრძელებინა ოპოზიციური აზრის კონსოლიდაცია
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განცხადებას, რომელშიც უარყოფითად არის შეფასებული ნიკა მელიას ახალი პოლიტიკური ოფისის გახსნა, ოპოზიციური პარტიის ყოფილი თავმჯდომარე „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება. მელია ახალი ოფისის გახსნას ოპოზიციური აზრის კონსოლიდაციას უკავშირებს.
„გაკვირვებული ვარ ამ დღეებში ახალი მენეჯმენტის რეაქციით, ოფისის გამო. ოფისი გაიხსნა იმ მძიმე რეალობიდან გამომდინარე, იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომელიც დღის წესრიგში დადგა არა პარტიის თავმჯდომარის არჩევნების შემდეგ (რომელიც ვაღიარე, მივულოცე და ვუსურვე ეპოვათ თავის თავში ძალა პარტია ემართათ ღირსებითა და სიმართლით), არამედ წარმოუდგენლად უსამართლოდ ჩატარებული ყრილობის შემდეგ, რამაც პარტია პრაქტიკულად ორად გაყო.
სწორედ ამ „ყრილობის" შემდეგ, დარჩა პარტიის ძალიან ბევრი წევრი (დაფუძნების დღიდან) პარტიის კარს მიღმა და ასევე ძალიან ბევრი ისეთი თანამოაზრე, რომელიც პარტიის ბრძოლას არა მთავრობაში, არამედ ოპოზიციაში ყოფნის დროს შემოუერთდა - ეს ხალხი გახდა მიუღებელი ახალი მენეჯმენტისათვის მათი პოზიციის გამო, - წერს მელია და დედაქალაქში „ნაციონალური მოძრაობის" პოზიციებზე აკეთებს აქცენტს, - ბოლო პერიოდში პარტიის მდგომარეობა მნიშვნელოვნად დამძიმდა, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა თბილისში. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, გაგვეგრძელებინა ოპოზიციური აზრის კონსოლიდაცია და საერთო მიზნისათვის ბრძოლა და როგორც თბილისში გახსნილი ოფისის, ისე ჩვენი მიზნების შესახებ ეცნობა პარტიის მენეჯმენტს.
ძალა არა ერთფეროვნებაში, არამედ განსხვავებულთა ერთობაშია!"
თბილისში ნიკა მელიას პოლიტიკური ოფისის გახსნას 15 აპრილს განცხადებით გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. როგორც ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, ყველას აქვს უფლება დამოუკიდებელი პარტია ჩამოაყალიბოს, თუმცა მიუღებელია ენმ-ს სახელით, ამავე პარტიაზე თავდასხმები.
ენმ-მ განაცხადა, რომ პარტიას თბილისში, მათ შორის ცენტრალურ უბნებში, რამდენიმე ოფისი აქვს.
30 იანვარს ჩატარებულ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. მან დაამარცხა იმ დროისთვის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია. ხაბეიშვილის გამარჯვების შემდეგ პარტიის პოლიტიკური საბჭოს რიგები არაერთმა პოლიტიკოსმა დატოვა.