უკრაინის თვითმფრინავის ჩამოგდებისას დაღუპულთა ოჯახები ირანს "საჩვენებელი სასამართლოსთვის" აკრიტიკებენ
ასოციაცია, რომელიც წარმოადგენს ოჯახებს იმ პირებისა, რომლებიც დაიღუპნენ 2020 წელს, ირანის მიერ უკრაინის თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად, აკრიტიკებს და "საჩვენებელ სასამართლოს" უწოდებს განაჩენს, რომელიც ირანის სასამართლომ დამნაშავეებად მიჩნეულ პირებს გამოუტანა.
უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი, ნომრით PS752 ჩამოვარდა 2020 წლის 8 იანვარს, როცა კიევისკენ მიფრინავდა - რასაც ბორტზე მყოფი 176-ვე ადამიანი შეეწირა.
რამდენიმე დღის განმავლობაში ოფიციალური უარყოფის გავრცელების შემდეგ, ირანმა აღიარა, რომ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) დანაყოფმა თვითმფრინავი შემთხვევით ჩამოაგდო. შემთხვევის ფონი იყო გაზრდილი დაძაბულობა აშშ-სთან, აშშ-ის უპილოტო საფრენი აპარატებით IRGC-ის წამყვანი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მოკვლის გამო ბაღდადის სიახლოვეს.
16 აპრილს ირანმა გამოაცხადა, რომ პატიმრობა მიესაჯა შეიარაღებული ძალების 10 წევრს, ბრალდებებით, რომლებიც უკავშირდება უკრაინის თვითმფრინავის ჩამოგდებას. ერთ-ერთ მეთაურს 13 წლით მიესაჯა პატიმრობა, კიდევ ცხრა პირს - ერთიდან ორ წლამდე ვადით, თუმცა სასამართლოს ცნობაში მსჯავრდებულთა სახელები დაკონკრეტებული არ არის.
გავრცელებულ განცხადებაში მსხვერპლთა ოჯახების ასოციაცია ვერდიქტს უწოდებს "საჩვენებელ სასამართლოს", და ირანის სასამართლო ხელისუფლებას აკრიტიკებს სხდომების დახურულ კარს მიღმა გამართვისთვის და მსხვერპლთა ოჯახების შეურაცხყოფისთვის.