გერმანიის აეროპორტებში გაფიცვაა
გერმანიის ქალაქების, ჰამბურგის, დიუსელდორფის და კიოლნის აეროპორტებში უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები გაიფიცნენ. ხელფასის გაზრდის და შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით დღეს, 20 აპრილს დაწყებული გამაფრთხილებელი გაფიცვა ხვალაც გაგრძელდება და აქციას შეუერთდებიან შტუტგარტის აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის და გერმანიის რკინიგზის თანამშრომლებიც.
DW-ს ინფორმაციით, გაფიცვის გამო კიოლნის აეროპორტმა გააუქმა დღეს დანიშნული 204-დან 121 რეისი, რამაც 28 000-მდე მგზავრი დააზარალა. ორი დღის განმავლობაში, ჰამბურგის აეროპორტიდან არ გაფრინდება არცერთი თვითმფრინავი და არ მიიღებენ რეისების დაახლოებით მესამედს, რის გამოც დაახლოებით 80 000 მგზავრი დაზარალდება.
აეროპორტებში გაფიცვის ინიციატორია პროფკავშირი Ver.di, რომელიც მოითხოვს ღამის საათებში მუშაობისთვის დანამატს, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების გაზრდას და თანამშრომლების მიერ სადღესასწაულო დღეებით სარგებლობას. რკინიგზელთა გაფიცვის ორგანიზატორია პროფკავშირი EVG, რომლის მოთხოვნაა ხელფასის 12%-ით გაზრდა.
გამაფრთხილებელ გაფიცვას წინ უძღოდა დამსაქმებლებთან უშედეგო მოლაპარაკება, რომელიც 11-12 აპრილს მიმდინარეობდა. მოლაპარაკება 27 აპრილიდან უნდა განახლდეს.