რუსეთის წყნარი ოკეანის სამხედრო ფლოტის მეთაური გადადგა საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების შემდეგ
![რუსეთის წყნარი ოკეანის სამხედრო ფლოტის მეთაური გადადგა საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების შემდეგ](https://gdb.rferl.org/01000000-0aff-0242-404e-08db415eb746_w800_h450.jpeg)
საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმების შემდეგ, თანამდებობა დატოვა რუსეთის წყნარი ოკეანის სამხედრო ფლოტის მეთაურმა, ადმირალმა სერგეი ავაკიანცმა.
სხვა თანამდებობაზე მისი დანიშვნის შესახებ ცნობა 20 აპრილს გაავრცელა ქვეყნის შორეული აღმოსავლეთის ფედერალურ ოლქში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილემ, იური ტრუტნევმა.
ფლოტის მეთაურის გადადგომის შესახებ ცნობილი გახდა ერთ კვირაზე ნაკლებ დროში მას მერე, რაც ფლოტის ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება ჩატარდა.
გადადგომის მიზეზებზე არაფერს იტყობინებიან. რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ სამხედრო ფლოტს ავაკიანცი 2012 წლიდან მეთაურობდა. ავაკიანცის გადადგომის მიზეზზე არც ტრუტნევს უთქვამს, მან მხოლოდ მისი ახალ თანამდებობაზე დანიშვნა ახსენა: ადმირალი უმეთაურებს შტაბს, რომელიც სამხედრო-სპორტული მომზადების და პატრიოტული აღზრდის ცენტრებს გაუწევს კურირებას. ასეთი ცენტრები შეიქმნება 12 რეგიონში, მათ შორის უკრაინის მოსკოვის მიერ ოკუპირებულ დონეცკის რეგიონში.
თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ბრძანებით, წყნარი ოკეანის ფლოტის საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება 14 აპრილს დაიწყო. შემოწმების ჩარჩოებში გაიმართა სამხედრო მანევრები 25 ათასი სამხედროს მონაწილეობით. არსებული გეგმით, მათ უნდა მოეგერიებინათ სახალინსა და კურილის კუნძულებზე გადასმული დესანტი. კრემლში შემოწმება „რუტინულად“ მოიხსენიეს.
წყნარი ოკეანის ფლოტის ქვედანაყოფები მონაწილეობენ საბრძოლო მოქმედებებში უკრაინაში. ფლოტის 155-ე ბრიგადის საზღვაო ქვეითებმა, მათივე მტკიცებით და მიმომხილველების თანახმად, დიდი დანაკლისი განიცადეს დონეცკის ოლქში, უგლეროდთან ბრძოლებში. ბრიგადის „თითქმის სრულ განადგურებაზე“ წერდა ამერიკული გამოცემა Politico. რუსეთის სამხედრო ბლოგერების ერთი ნაწილი სარდლობას აკრიტიკებდა იმის გამო, რომ ბრიგადას უგლეროდის პირდაპირი იერიში უბრძანეს. (ქალაქის აღება ვერ მოხერხდა).