ნატოს გენერალური მდივანი კიევში ჩავიდა
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კიევში იმყოფება. უკრაინაში მისი ვიზიტის შესახებ წინასწარ არაფერი იყო ცნობილი.
გამოცემა The Kyiv Independent-მა გამოაქვეყნა სტოლტენბერგის ფოტოები, რომლებიც დღეს, 20 აპრილს კიევის ცენტრში, წმინდა მიხეილის მოედანზეა გადაღებული.
ნატოს გენერალური მდივანი პატივს მიაგებს დაღუპული უკრაინელი სამხედროების ხსოვნას.
რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან დაახლოებით ნახევარი წლის შემდეგ, 2022 წლის სექტემბერში, უკრაინამ წარადგინა ნატოს წევრობის ოფიციალური განაცხადი.
უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, 2021 წლის დეკემბერში, რუსეთმა აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვა უსაფრთხოების გარანტიები. მათ შორის აღმოსავლეთით ნატოს გაფართოების შეწყვეტა და უარი ალიანსში უკრაინისა და საქართველოს მიღებაზე.
2022 წლის იანვარში, ნატომ და აშშ-მა რუსეთის ამ მოთხოვნას უარით უპასუხეს.
2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა.
2023 წლის ივლისში, ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში გაიმართება ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტი. მიწვეულია უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელიც ნატოსგან ითხოვს რეალურ ნაბიჯებს ალიანსში უკრაინის მისაღებად.
ნატომ 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრები გახდებიან.