რიკოთის მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლების ნაწილი გაფიცულია
მეორე დღეა, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული მძღოლების ნაწილი გაფიცულია. მათი მოთხოვნაა, გაიზარდოს ყოველდღიური ანაზღაურება და სამუშაო საათები შემცირდეს ერთი საათით.
"33 ლარი გვაქვს 9-საათიან დღეში - ვითხოვთ 50 ლარს. გაჩერებულია კომპანია, სანამ არ გადაგვიხდიან, მანამდე არ ვაპირებთ დაჯდომას. 14 მანქანაა სულ", - უთხრა ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რამაზ ტაბატაძემ.
კომპანია China State Construction Engineering Corporation Limited-ი, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს, ოფიციალური განცხადებით პასუხობს თანამშრომლების გაფიცვას.
"ჩვენს კომპანიაში დასაქმებულ ადამიანებს მოვუწოდებთ, რომ ნებისმიერი მოთხოვნა თუ პრეტენზია წარმოადგინონ კომპანიის მენეჯმენტთან, ნაცვლად მედიასაშუალებებთან დაუსაბუთებელი და კომპანიის მადისკრედიტირებელი განცხადებებისა.
კომპანია, აუცილებლად განიხილავს დასაქმებულების მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს და შეძლებისდაგვარად გაითვალისწინებს, რათა მივიდეთ ორივე მხარისთვის მისაღებ შეთანხმებამდე", - ამბობენ კომპანიაში.
ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ დასაქმებულთა ანაზღაურება და სამუშაო დრო საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.