ბიზნესცენტრ „ატრიუმში“ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, თბილისში, ბიზნესცენტრ „ატრიუმში“ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც უწყების ცნობაშია აღნიშნული, საგამოძიებო სამსახური ობიექტზე საგამოძიებო მოქმედებებს მიღებული შეტყობინების საფუძველზე ატარებს. ის დეტალების შესახებ არ საუბრობს.
„ანტიკორუფციული მოძრაობის" წარმომადგენელმა და „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლაშა ფარულავამ „ფეისბუკ-LIVE"-ში განაცხადა, რომ სამართალდამცველებს მათ შეატყობინეს სავარაუდო ტრანსნაციონალური დანაშაულის შესახებ. ის ეჭვობს, რომ შენობაში „ქოლცენტრი" არის განთავსებული.
„დღეს ჩვენ ვიყავით მოსულები, ვახუშტის ხიდთან არსებობს ბიზნესცენტრი „ატრიუმი". გვქონდა დასაბუთებული ეჭვი, რომ იქ ოპერირებდა ორგანიზებული დანაშაული - „ქოლცენტრი", - თქვა ლაშა ფარულავამ. ის „ქოლცენტრის" ორგანიზებაში ხელისუფლების წარმომადგენლებს ადანაშაულებს.
BBC-ის ვებგვერდზე 12 აპრილს გამოქვეყნდა სტატია თაღლითობის გლობალური ქსელის შესახებ. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ამ საქმესთან არის დაკავშირებული საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ტელეკომპანია "ფორმულის" საკონტროლო პაკეტის მფლობელი დავით კეზერაშვილიც.
დავით კეზერაშვილმა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე BBC-ის საგამოძიებო რეპორტაჟზე დაწერა, რომ მასთან დაკავშირებით გავიდა არაერთი უზუსტობა, რამაც, „საერთო სურათში, სცადა მანამდე მოგონილი ბრალდების გამყარება".
„ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ სასამართლოს წესით დავამტკიცო საგამოძიებო ფილმში გამოთქმული ბრალდებების უსამართლობა. მაქვს ბრიტანეთის მართლმსაჯულების სისტემას სრული ნდობა და დარწმუნებული ვარ, ის გაიზიარებს ჩემი იურიდიული ჯგუფის არგუმენტებს, რომელიც უკვე ამზადებს ყველა საჭირო დოკუმენტს", - განაცხადა კეზერაშვილმა.
18 აპრილს დავით კეზერაშვილმა განაცხადა, რომ უარს ამბობს ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტზე და წილის ნახევარს კოლექტივს გადასცემს.