დუმამ მიიღო კანონი, რომელიც დაქირავებულებს ვეტერანის სტატუსს ანიჭებს
რუსეთის სახელმწიფო დუმამ მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც დაქირავებულებს, მათ შორის უკრაინის ომში მონაწილე კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" მებრძოლებს, საბრძოლო ოპერაციების ვეტერანებისა და ინვალიდების სტატუსის მიღების უფლებას ანიჭებს.
დოკუმენტის ტექსტში ნათქვამია, რომ ამიერიდან ასეთ სტატუსსა და შესაბამის პრივილეგიებს მიიღებენ "პირები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ან სხვა სამართლებრივი ურთიერთობები აკავშირებთ ორგანიზაციებთან, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთის არმიისთვის დაკისრებული ამოცანების შესრულებას "ე.წ. "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" დროს. კანონი ასევე ვრცელდება ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების შეიარაღებული ფორმირებების წევრებზეც.
მანამდე სახელმწიფო სათათბირო იმავე კატეგორიის პირების დასაცავად გაავრცელა კანონი, რომელიც სისხლის სამართლის სასჯელს ითვალისწინებს რუსეთის არმიის დისკრედიტაციისა და ყალბი ცნობების გავრცელებისთვის.
რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ ომში და განსაკუთრებით აქტიურობს დონეცკის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. "ვაგნერის" დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი პირადად მონაწილეობდა უკრაინაში საომრად პატიმრების დაქირავების პროცესში.
უკრაინამდე რუსეთი "ვაგნერს" იყენებდა სირიასა და აფრიკაში. "ვაგნერელები" ეჭვმიტანილი არიან ომის არაერთი დანაშაულის ჩადენაში.