კიევი თავს იკავებს ხერსონში დნეპრის გადალახვის შესახებ ცნობაზე კომენტარისგან
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თავი შეიკავეს კომენტარის გაკეთებისგან ცნობაზე, რომ უკრაინის ჯარებმა ხერსონის ოლქში გადაკვეთეს სტრატეგიული მნიშვნელობის მდინარე დნეპრი და მის მარცხენა სანაპიროზე დაიკავეს პოზიციები.
უკრაინის სამხრეთის ძალების პრესმდივანმა ნატალია ჰუმენიუკმა სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა, რომ ისეთი ბარიერის გადალახვა, როგორიცაა „ფართო და მძლავრი“ დნეპრი, „ძალზე რთული ამოცანაა“. „ამიტომ სამხედრო ოპერაციის პირობები მოითხოვს საინფორმაციო სიჩუმეს მანამდე, სანამ ეს საფრთხის შემცველი აღარ იქნება ჩვენი მეომრებისთვის,“ თქვა მან. „აი, რატომ უნდა ვიყოთ მოთმინებით“.
აშშ-ის ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა (ISW) განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, სავარაუდოდ, ხერსონის ოლქში დნეპრის მარცხენა (აღმოსავლეთ) ნაპირზე გადასვლა მოახერხეს. „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანალიტიკოსების შეფასებით, ამას რუსი სამხედრო კორესპონდენტებისა და ბლოგერების მიერ 22 აპრილს გამოქვეყნებული გეოლოკაციური კადრები აჩვენებს.
სპეციალისტების თანახმად, თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეეფერება, ის შესაძლოა მიანიშნებდეს უფრო ფართო მასშტაბის ოპერაციებზე. თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია ასეთი ოპერაციის ამოცანა და მასშტაბები.