"ზელენსკის ცირკი" - უკრაინის ელჩი ფრანგული არხისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს
უკრაინის ელჩმა საფრანგეთში ვადიმ ომელჩენკომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინელი ხალხისთვის ბოდიშის მოხდა მოსთხოვა ფრანგულ არხს, RTL-ს. 15 მაისს ერთ-ერთი რადიოგადაცემის წამყვანებმა ხუმრობის თემად აქციეს ევროპის სახელმწიფოებში, მათ შორის საფრანგეთში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი, რომელსაც საცირკო წარმოდგენის სარეკლამო ანონსის სახე მისცეს: ზელენსკი „თავისი შაპიტოთი“ ელისეს სასახლეში იმყოფებოდა, „ზელენსკის ცირკი მალე თქვენს სახლთან იქნება.“
წამყვანების საქციელს „მეგობარი ფრანგი ხალხისთვის არადამახასიათებელი ცინიზმი და უტაქტობა“ უწოდა უკრაინის ელჩმა პარიზში ვადიმ ომელჩენკომ.
„მოვითხოვ ბოდიშის მოხდას ჩემი პრეზიდენტისა და უკრაინელი ხალხისთვის, რომელიც იტანჯება და იბრძვის არა მხოლოდ საკუთარი, არამედ თქვენი თავისუფლებისთვისაც და შესაძლებლობისთვის, დატკბეთ ცხოვრების სიმსუბუქით“, - დაწერა ელჩმა ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.
გასული კვირის ბოლოს, უკრაინის პრეზიდენტი იმყოფებოდა იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში, სადაც ამ ქვეყნების ლიდერებმა დაუდასტურეს, რომ რუსეთის აგრესიის დასამარცხებლად უკრაინის დახმარებას გააგრძელებენ. ამ კვირის დასაწყისში ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა.