"რასია 1" ლაპარაკობს ჯგუფ "ვაგნერთან" გაფორმებულ, ასობით მილიარდი რუბლის ოდენობის სახელმწიფო კონტრაქტებზე
ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინის მიერ დაარსებულმა გასამხედროებულმა ჯგუფმა, "ვაგნერმა", სახელმწიფო კონტრაქტებით თითქმის 860 მილიარდი რუბლი მიიღო - განაცხადა რუსეთის სახელმწიფო არხის, "რასია-1"-ის წამყვანმა, დმიტრი კისელიოვმა.
გარდა ამისა, კისელიოვის თქმით, სხვა კონტრაქტებით პრიგოჟინის ჰოლდინგმა, "კონკორდმა", ჩაატარა 845 მილიარდი რუბლის ღირებულების სამუშაო. "ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამდენივე გამოიმუშავეს, მაგრამ მაინც მიუთითებს ბიზნესისა და ამბიციების მასშტაბზე" - კისელიოვის ამ სიტყვებს "რია-ნოვოსტი" ავრცელებს.
წამყვანს არ დაუკონკრეტებია რომელ პერიოდში მიიღო პრიგოჟინის სტრუქტურებმა ეს თანხები და არც ის უთქვამს, თუ საიდან აქვს მას ეს ინფორმაცია.
პრიგოჟინის და "ვაგნერის" მებრძოლების მიერ მოკლე ამბოხების მოწყობიდან რამდენიმე დღეში, 27 ივნისს, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ეს საბრძოლო კომპანია მთლიანად სახელმწიფოსგან იყო დაფინანსებული. პუტინმა აღნიშნა, რომ 2022 წლის მაისიდან 2023 წლის მაისამდე "ვაგნერელებმა" რუსეთის ხელისუფლებისგან მიიღეს 86 მილიარდ რუბლზე მეტი. პუტინის თქმით, პრიგოჟინის კომპანია "კონკორდმა" ერთ წელიწადში 80 მილიარდი რუბლი გამოიმუშავა, სამხედროებისთვის კვების მიწოდებისთვის, დაზღვევაზე დაიხარჯა 110 მილიარდ რუბლზე მეტი. რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ხელისუფლება აპირებს გაერკვეს "კონკორდის" შემოსავლებში.
უკრაინის ომამდე "ვაგნერის" არსებობას და დაფინანსებას ხელისუფლება მალავდა, მაგრამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ეს გასამხედროებული ჯგუფი ცნობილი გახდა, რუსეთში ის ღიად აწარმოებდა მეომრების გადაბირებას. უკრაინის ფრონტზე "ვაგნერი" ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე ბრძოლისუნარიან დანაყოფად.
პრიგოჟინის ამბოხების შემდეგ - რომელიც, როგორც ბიზნესმენი თავად ამბობს, მიემართებოდა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას - რუსეთის ხელისუფლება, როგორც ჩანს, ცდილობს გაანეიტრალოს "ვაგნერელთა" გავლენა. ჯგუფის მეომრებს შესთავაზეს თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტების გაფორმება.
2 ივლისს გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ "კონკორდთან" გააუქმა კვების მიწოდებაზე გაფორმებული კონტრაქტი.