ჩინეთმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ უკრაინის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებაში მონაწილეობას მიიღებს
ჩინეთმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში უკრაინის საკითხზე დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.
„საუდის არაბეთის სამეფოს მიწვევით ჩინეთი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო შეხვედრაში, რომელიც უკრაინაში სამშვიდობო პროცესს ეხება. მას ევრაზიის საკითხებში ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი დაესწრება. ჩინეთი მზად არის, ითანამშრომლოს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რათა უკრაინის კრიზისის პოლიტიკური მოგვარების გზები გამოინახოს“,- განაცხადეს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
შეხვედრა პოლიტიკური მრჩევლების დონეზე გაიმართება. მასში 40 ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის არიან დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც უკრაინას მხარს უჭერენ, ასევე აზიის, აფრიკის და ლათინური ამერიკის ქვეყნებიც. რუსეთი შეხვედრაზე მიწვეული არ არის.
შეხვედრაზე უკრაინის 10-პუნქტიანი სამშვიდობო ინიციატივის განხილვა უნდა მოხდეს, რომელიც უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ძალების გაყვანას ითვალიწინებს. მანამდე ჩინეთი საკუთარი სამშვიდობო გეგმის ინიციატივით გამოვიდა, სადაც „ყველა ქვეყნის“ ტერიტორიული მთლიანობის დაცვის აუცილებლობაზე იყო საუბარი. ჩინეთის ეს გეგმა კიევისთვის მიუღებელია, რადგანაც ის, პირველ რიგში, ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს. რუსული ძალები კი ამჟამად უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებიან.