პრიგოჟინის პირველი ვიდეომიმართვა ამბოხების შემდეგ: რუსეთი დიდდება, აფრიკა თავისუფლდება
რუსული გასამხედროებული დაჯგუფების, „ვაგნერის” ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთში წარუმატებელი ამბოხის შემდეგ, პირველად, „ვაგნერთან“ დაკავშირებულ „ტელეგრამ“ არხებზე გავრცელებულ ვიდეოში გამოჩნდა, სადაც ჩანს, რომ ის უდაბნოშია, სამხედრო ფორმა აცვია და ხელში ცეცხლსასროლი იარაღი უჭირავს.
ვიდეომიმართვაში პრიგოჟინი ამბობს, რომ რუსეთის კიდევ უფრო გაფართოებისთვის და აფრიკელთა თავისუფლებისთვის იბრძვის, რის გამოც, მისივე თქმით, კონტინენტს ისლამური სახელმწიფოს და ალ-ქაიდას ტერორისტული დაჯგუფებებისგან ათავისუფლებს.
„ჩვენ ვმუშაობთ. ტემპერატურა +50-ია – ყველაფერი ისეა, როგორც გვინდა. Wagner PMC ატარებს დაზვერვის და სამძებრო მოქმედებებს. რუსეთს კიდევ უფრო დიდს ხდის ყველა კონტინენტზე, აფრიკას კი უფრო თავისუფალს”, – ამბობს პრიგოჟინი ვიდეომიმართვაში.
ის ამბობს, რომ „ვაგნერი“ რეკრუტირებას განაგრძობს.
„ვაგნერი ქირაობს ნამდვილ გმირებს,” – თქვა მან და აღნიშნა, რომ ამას დასახული ამოცანების შესრულებისთვის ახორციელებს.
„სამართლიანობა და ბედნიერება – აფრიკელი ხალხისთვის. ჩვენ ISIS-ის[ისლამური სახელმწიფოს] და ალ-ქაიდას სხვა „ბანდიტებისთვის“ ცხოვრებას კოშმარად ვაქცევთ”, – თქვა პრიგოჟინმა.
ითვლება, რომ ვაგნერს ათასობით მებრძოლი ჰყავს კონტინენტზე, სადაც მას მოგებიანი ბიზნეს ინტერესები აქვს. „ვაგნერის“ მებრძოლებს აშშ ასევე კონტინენტზე ოქროს უკანონო გარიგებებით გამდიდრებაში ადანაშაულებს.