კიევში უკრაინისა და უნგრეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოთხშაბათს, 23 აგვისტოს, შეხვდა თავის უნგრელ კოლეგას, კატალინ ნოვაკს, რომელიც კიევში ჩავიდა "ყირიმის პლატფორმის" სამიტში მონაწილეობის მისაღებად. მათ განიხილეს თანამშრომლობის საკითხები ორივე ქვეყნის სასაზღვრო რაიონებში და კარპატისპირეთის რეგიონში.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა ნოვაკის მონაწილეობის მნიშვნელობას ყირიმის პლატფორმის სამიტში და მადლობა გადაუხადა უნგრეთის მიერ რუსეთის აგრესიის მოგერიებაში უკრაინის ხელმძღვანელობის ძალისხმევის მხარდაჭერისთვის.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ინფორმაციით, ზელენსკიმ ცალკე აღნიშნა უნგრეთის დახმარება დაჭრილი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მკურნალობაში და სამხედრო მედიკოსების მომზადებაში.
უნგრულ მხარეს ჯერ არ გამოუქვეყნებია ინფორმაცია ნოვაკისა და ზელენსკის შეხვედრის შესახებ.
უკრაინასა და უნგრეთს შორის ურთიერთობები ბოლო თვეების განმავლობაში არ იყო უღრუბლო, უნგრეთის ხელმძღვანელობის ზოგიერთი განცხადების გამო უკრაინისა და ასევე ბუდაპეშტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მიღების "დამუხრუჭების" შესახებ. უნგრული მხარე ამტკიცებს, რომ კიევმა კარპატისპირეთში მცხოვრები უნგრული უმცირესობის მდგომარეობასთან დაკავშირებული საკამათო საკითხები უნდა გადაწყვიტოს.
23 აგვისტოს უკრაინაში მუშაობა დაიწყო ყირიმის პლატფორმის საერთაშორისო სამიტმა. იგი წელს მესამედ ტარდება და შერეულ ფორმატში წარიმართება. სამიტზე სხვადასხვა სახელმწიფოს მეთაურები და ლიდერები განიხილავენ რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის მომავალსა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, "ყირიმის პლატფორმის" რიგით მესამე საერთაშორისო სამიტში მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს. დაესწრება თუ არა სამიტს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენელი, ამაზე რადიო თავისუფლება პასუხს ელის მთავრობისგან, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტისგან.
სალომე ზურაბიშვილი გასული წლის აგვისტოშიც მონაწილეობდა ონლაინ ფორმატში გამართულ "ყირიმის პლატფორმის" რიგით მეორე სამიტში.