რუსული მედია: ევგენი პრიგოჟინის და სხვა დაღუპულების ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს
რუსეთში, ტვერის ოლქში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულების ცხედრები ექსპერტიზაზე გადაასვენეს. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.
რუსულმა Telegram არხებმა გაავრცელეს კადრები, სადაც ჩანს მანქანები, რომლებსაც ცხედრები გადაჰყავს.
წინასწარი ინფორმაციით, ცხედრები ბობკოვის ქუჩაზე მდებარე ტვერის მორგში გადაასვენეს, სადაც სასამართლო ექსპერტიზის ბიუროა განთავსებული.
თვითმფრინავის ჩამოგდების ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ კრიმინალისტები.
რუსული მედიის ცნობით, შემთხვევის ადგილზე სავარაუდოდ ნაპოვნია „ვაგნერის“ ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის მობილური.
რუსეთის ხელისუფლებას ევგენი პრიგოჟინის სავარაუდო გარდაცვალებაზე ჯერ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, 23 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ რუსეთში, ტვერის ოლქში ბიზნეს-ჯეტი ჩამოვარდა, რომლის მგზავრების ჩამონათვალშიც ევგენი პრიგოჟინია. ამასთან, როგორც რუსული მედია წერს, ბორტზე შესაძლოა ყოფილიყო „ვაგნერის“ მეთაური დმიტრი უტკინი, რომელსაც პრიგოჟინის „მარჯვენა ხელს“ უწოდებენ და ასევე, „ვაგნერის“ სხვა მეთაურებიც.
როგორც რუსული გამოცემა TASS რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით წერს, წინასწარი ინფორმაციით, ბორტზე 3 პილოტი და 7 მგზავრი იმყოფებოდა და ათივე მათგანი დაღუპულია.