თორნიკე პროფესიონალი სამთო გიდია და იცის, როგორ შეიძლება დაეხმარო ექსტრემალურ პირობებში ადამიანებს. მან და მისმა ძმამ შოვში გაატარეს 3 აგვისტოს ღამე და მთელი 4 აგვისტო.
ახლა, როცა შოვის ღვარცოფის თითქმის ყველა მსხვერპლი უკვე ნაპოვნია, თორნიკე ჰყვება სამაშველო ოპერაციისას დაშვებულ შეცდომებზე.
„მნიშვნელოვანია, პირველ საათებში რა რეაგირება ქონდა სახელმწიფოს, რომ ადამიანები გადაერჩინა”, – ამბობს თორნიკე და დეტალურად იხსენებს იმ გზას, რომელიც გაიარა თავისი სოფლიდან შოვამდე 3 აგვისტოს. ის ამბროლაურში, სოფელ ველევში ცხოვრობს. სწორედ ამ სოფლიდან იწყება მისი გზა შოვისკენ.
„4 [საათი] ან 5-ის წუთები იქნებოდა, როცა [მეწყრის შესახებ] გავიგე “მთის ამბებიდან”, ნელ-ნელა ვარკვევდი ორ რამეს: რამდენად რთული იყო სიტუაცია და შევძლებდი თუ არა ჩემი მანქანით მისვლას. იქ ეწერა, რომ 16 ადამიანია მეწყერში მოყოლილი. ვერ ვხვდებოდი, გარე სამყაროს იყვნენ მოწყვეტილები თუ მეწყერში იყვნენ მოყოლილები.
გელა მთივლიშვილს [მთის ამბების რედაქტორი – რ.თ.] ვიცნობ და მას დავურეკე იმის გასარკვევად, რამდენად რთულად იყო საქმე. გელამ მითხრა, რომ დაბეჯითებით არაფრის თქმა არ შეეძლო, მაგრამ ვარაუდობდა, რომ საქმე რთულად იყო“, – იხსენებს თორნიკე. მან სახლიდან შოვამდე ჯერ მანქანით, შემდეგ კი ფეხით იარა.
თორნიკე და მაშველების ვერტმფრენი სტიქიის ადგილას თითქმის ერთდროულად მივიდნენ.
„6-ის 5 წუთზე გავდივარ სოფლიდან, 6-ს რომ 15 წუთი აკლია, ვარ გლოლაში და იქ უკვე ზის შვეულმფრენი. 6-ს აკლდა 10 წუთი, როცა გლოლას ხიდზე გადავედი და ჩანგრეულ გზასთან მივედი, 6-ს რომ 5 აკლია. 6-ზე დავაყენე მანქანა იქ, საიდანაც ფეხით წავედი მეწყრის ზონაში.
აქედან შოვამდე არის დაახლოებით 2 კილომეტრი, შეიძლება ცოტა მეტიც. ტყიანი, დახრილი ფერდობის გავლით მივედი იქამდე.
7-ს რომ 15 აკლია, ვიყავი უკვე ისეთ ადგილას, საიდანაც ვხედავდი “სანსეტ შოვთან“ შვეულმფრენის დაფრენას.