ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ჩოხატაურში, სადაც ენმ პარკის გასხვისების წინააღმდეგ კამპანიას ატარებდა
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ავრცელებს ინფორმაციას ჩოხატაურში მომხდარი დაპირისპირების შესახებ - პარტიის წევრები დღეს გურიაში ნოდარ დუმბაძის სკვერის გასხვისების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის ჩასატარებლად ჩავიდნენ.
"ოპონენტების მიმართ დაწყებულ ანგარიშსწორებაში, სავარაუდოდ, საკრებულოს წევრიც ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ლაშა თოლორდავაც მონაწილეობდა.
"ნაციონალური მოძრაობის" ოზურგეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი დავით მჟავანაძე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანეს" - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
კადრებში, რომელსაც სხვადასხვა მედია შემთხვევის ადგილიდან ავრცელებს, ისმის გინება და ჩანან ადამიანები, რომლებიც ცოცხებით ხელში არიან მისულები ენმ-ს წევრებისთვის მოსახლეობასთან შეხვედრის ჩასაშლელად. მთავარი არხის ინფორმაციით, დაპირისპირებისას დაშავდა ათამდე ადამიანი.
რადიო თავისუფლება ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაარკვიოს, არიან თუ არა ჩოხატაურში დაპირისპირების მონაწილეები დაკავებულები - უწყებაში ამ კითხვაზე პასუხი მასალის გამოქვეყნებისას არ აქვთ. ამ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.