ქობულეთის "სანდასუფთავების" ბუღალტერი თანამშრომლების ხელფასს საკუთარ ანგარიშზე ირიცხავდა
tv25 ავრცელებს ინფორმაციას ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ფინანსური დანაშაულის შესახებ - ადგილობრივი მედიის ცნობით, "ქობულეთის სანდასუფთავების" სანსახურის ბუღალტერი თანამშრომლების კუთვნილ ანაზღაურებას თვეების განმავლობაში საკუთარ ანგარიშზე ირიცხავდა.
თინათინ კონცელიძე, რომელმაც ამ გზით ჯამში 20 000 ლარი მიითვისა, 2023 წლის მარტში საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებული ორგანიზაციიდან. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს ქობულეთის მერიის პრესსამსახურში, მან განცხადება მას შემდეგ დაწერა, რაც ცნობილი გახდა მის მიერ ჩადენილი ფინანსური დანაშაული და ამ ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, მერიაში არ განმარტავენ. სანდასუფთავების ბუღლატერი, რომელიც ფინანსურ დანაშაულშია ეჭვმიტანილი, ამ ორგანიზაციაში 7 წლის განმავლობაში, 2016 წლიდან მუშაობდა.
ქობულეთის "სანდასუფთავება" ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციებიდან ერთ-ერთი ყველაზე მსხვილბიუჯეტიანი ა(ა)იპ-ია, რომელსაც 2017 წლიდან ამ დრომდე 4-ჯერ გაეზარდა ბიუჯეტი. სწორედ ეს ორგანიზაციაა პასუხისმგებელი ქობულეთისა და მუნიციპალიტეტის სოფლების გზების, ტრასების, მწვანე ზოლების დაგვა-დასუფთავებაზე, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანასა და ნაგავსაყრელი პოლიგონის მოვლა-პატრონობაზე, ასევე, საკურორტო ზოლში შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობაზე.
ქობულეთის სანდასუფთავების ბიუჯეტი 2017 წელს 2 მილიონი ლარიც კი არ იყო, 2023 წელს ამ ორგანიზაციის ბიუჯეტი 4 მილიონ ლარს აჭარბებს. ბიუჯეტის ნახევარზე მეტი ხელფასებზე იხარჯება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური სისტემურად წერს კომპანიაში არსებულ პრობლემებსა და დარღვევებზე.
- 2016 წელს სანდასუფთავების დირექტორმა მასზე განპიროვნებულ მანქანაში იმაზე 3 073 ლიტრით მეტი საწვავი ჩაასხა, ვიდრე ამას კანონი ითვალისწინებდა.
- 2019 წელს ორგანიზაციაში დასაქმებული იყო 14 მეველე და ერთი ცხოველთა მომვლელი. ამ 15 პირის შრომის ანაზღაურებაზე, 2018 წელს 78.8 ათასი ლარი დაიხარჯა. აუდიტმა აჩვენა, რომ 2017 წელს მეველეებს და ცხოველთა მომვლელებს უმეთვალყურეოდ მიტოვებული საქონლის არც ერთი მფლობელი არ გამოუვლენიათ და დაუჯარიმებიათ. გარდა ამისა, ა(ა)იპ-ში დასაქმებული იყო 28 პირი − მობილური ჯგუფის წევრი, ხოლო 2 პირი დასაქმებულია მეველეების და მობილური ჯგუფების ზედამხედველად. აუდიტის დასკვნით, მეველეების არსებობის აუცილებლობა ქობულეთის მუნიციპალიტეტს არ ჰქონდა.
- 2019 წელსვე ტვ25 დოკუმენტებით ამტკიცებდა, რომ სანდასუფთავებაში კადრები ხელოვნურად იყო გაბერილი, იქ დასაქმებული ადამიანების ნაწილი სამსახურში თვეების განმავლობაში არ დადიოდა და ხელფასს ფიქტიურად შესრულებულ სამუშაოში იღებდა.
- 2019-2020 წლებში ქობულეთის სანდასუფთავება ტენდერებს ატარებდა უკონკურენტო გარემოში, ერთი მონაწილის პირობებში: 2019 წელს გამოცხადებულ ტენდერებში ყველა შემთხვევაში იმარჯვებდა ერთი ინდმეწარმე, ხოლო 2020 წელს გამოცხადებულ ტენდერში − სხვა ინდმეწარმე, თუმცა ორივე გამარჯვებული ბიზნესსუბიექტი ერთსა და იმავე მისამართზეა რეგისტრირებული და სარგებლობს ერთი და იგივე ტექნიკური საშუალებებით.
ქობულეთის მერიის დაქვემდებარებულ ორგანიზაციაში გამოვლენილი ფინანსური დარღვევების გამო ქობულეთის მერის გადადგომის მოთხოვნის დაყენებას აპირებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ორგანიზაციის ადგილობრივი წარმომადგენელი ამ საკითხზე ბრიფინგს 6 სექტემბერს გამართავს.