კვლავ ანონსდება ბათუმში უძრავი ქონების რუსულენოვანი გამოფენა-გაყიდვა
ინტერნეტში კვლავ იძებნება რეკლამა, რომელიც იუწყება, რომ 28 სექტემბერს ბათუმში, სასტუმრო ლე მერიდიანში უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ამ გამოფენა-გაყიდვის საპრომოციოდ შექმნილი ვებ-საიტის მიხედვით, "ექსპო 2.0"-ის მონაწილეები მიიღებენ ექსკლუზიურ შეთავაზებას არა მხოლოდ საქართველოში უძრავი ქონების შესაძენად, არამედ კვიპროსთი, დუბაისა და თურქეთში მომუშავე დეველოპერებისგანაც.
ბათუმში ამგვარი გამოფენა-გაყიდვის მოწყობა დაანონსებული იყო 29-30 ივლისსაც - საზოგადოებრივი უკმაყოფილების ფონზე ღონისძიება, რომელსაც რეკლამას რუსეთის შოუ-ბიზნესის მომღერალი, ირაკლი ფირცხალავა რუსულ ენაზე უკეთებდა, გადაიდო. მაშინ დეველოპერული კომპანიები ამბობდნენ, რომ მათი სახელები გამოფენა-გაყიდვის მონაწილეთა სიაში მათთან შეთანხმების გარეშე მოხვდა.
რუსულენოვანი უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვის ანონსის კვლავ გამოჩენის შემდეგ რადიო თავისუფლებამ სცადა გაერკვია, რამდენად რეალურია ამ ღონისძიების ჩატარება 28 სექტემბერს ბათუმში.
სასტუმრო მერიდიანში გვითხრეს, რომ მათთან 28 სექტემბერს არანაირი უძრავი-ქონების გამოფენა-გაყიდვა არ იგეგმება. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ექსპო 2.0"- ის ჩატარების ადგილად მერიდიანი იყო მითითებული, სასტუმროს ადმინისტრაციისთვის მოულოდნელობა აღმოჩნდა .
გამოფენაში მონაწილეობას უარყოფენ ის სამშენებლო კომპანიებიც, რომლებიც ორგანიზატორების თქმით მათთან იქნებიან წარმოდგენილი ექსკლუზიური შეთავაზებებით.
სამშენებლო კომპანია გუმბათმაც და ალიანს ჯგუფმაც რადიო თავისუფლებას გადაჭრით უთხრეს, რომ ისინი ამ გამოფენაში არ მონაწილეობენ.
"ექსპო 2.0."-ის ორგანიზატორების მტკიცებით, 28 სექტემბერს მათ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნებიან შემდეგი კომპანიები:
ELT BUILDING
LIKE HOUSE
GUMBATI
NEXT
METROPOL
MARDU HOLDING
ALLIANCE
RHODOS
BIANCA
MZIURI
GURU
ANDE
GALILEO BATUMI
BATUMI VIEW
CALLIGRAPHY
TECTO
WHITE SAILS
PANORAMA
ერთხელ გადადებული ღონისძიების შემდეგ თავად ირაკლი ფირცხალავა 28 სექტემბერს დაგეგმილი გამოფენა-გაყიდვის საპრომოციო მასალებში აღარ ჩანს - საიტზე აღარც მონაწილე კომპანიებია ღიად განთავსებული, თუმცა ნათქვამია, რომ ამ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სტუმრები ყაზახეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან, ისრაელიდან, ირანიდან, კანადიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და გერმანიიდან.
გამოფენა-გაყიდვის დროს დაგეგმილია მასტერკლასები, მათ შორის ორგანიზატორები მონაწილეებს პირდებიან ტრენინგებს იმის ასახსნელად, როგორ არის შესაძლებელი კრიპტოვალუტით ვაჭრობა უძრავი ქონების ბაზარზე.