პუტინმა მხარი დაუჭირა მოსკოვში მეჩეთის მშენებლობას - რამზან კადიროვი
ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა მასთან ბოლო შეხვედრაზე მხარი დაუჭირა მოსკოვის გარეუბანში მეჩეთის მშენებლობის იდეას. რამზან კადიროვის თქმით, მეჩეთი იუჟნოე-ბუტოვოს რაიონში იმ ქუჩაზე აიგება, რომელიც კადიროვის მამის პატივსაცემად, ახმატ კადიროვის სახელს ატარებს.
შეხვედრის დეტალებზე რამზან კადიროვმა თავის ტელეგრამის არხზე დაწერა, მაგრამ არაფერი უთქვამს იმაზე, პუტინთან შეხვედრაზე იმსჯელეს თუ არა თავისი უმცროსი შვილის, ადამის საქციელზე, რასაც დიდი რეზონანსი მოჰყვა რუსეთის ფედერაციაში.
26 სექტემბერს ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა ტელეგრამის არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ასახულია, თუ როგორ სცემს თავისი ვაჟი, 15 წლის ადამი, ვოლგოგრადელ ნიკიტა ჟურაველს, რომელიც ყურანის დაწვაშია ეჭვმიტანილი.
ადამ კადიროვის მიერ ნიკიტა ჟურაველის სასტიკი ცემის კადრების გავრცელებამ აღაშფოთა რამდენიმე რუსი კანონმდებელი. ხოლო ადამიანის უფლებათა რამდენმა დამცველმა განაცხადა, რომ აპირებს პროკურატურასა და საგამოძიებო კომიტეტს გაუგზავნოს თხოვნა, რათა შეამოწმონ კადიროვ-უმცროსის ქმედება, რომელიც არღვევს რუსეთის კანონმდებლობას. ამ დროისთვის ნიკიტა ჟურაველის ცემის ფაქტზე შემოწმება არ მიმდინარეობს, კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა კი საერთოდ აუკრძალა ჟურნალისტებს ადამ კადიროვის გარშემო შეკითხვების დასმა.
რამზან კადიროვმა თქვა, რომ ამაყობს თავისი შვილის საქციელით.