წალენჯიხაში აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეს მცხოვრებლები საავტომობილო გზის და წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ. მათ ჯვარი-მესტიის ცენტრალური გზის ჩაკეტვა სცადეს, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა. გზის ჩაკეტვის მცდელობისას სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს აქციის ორი მონაწილე - პოლიციელებმა ადგილზე განმარტეს, რომ ისინი ტერიტორიას განარიდეს და დაკავებული არ არიან.
აქციაზე იმყოფებიან სოფელ ჭალეს ეწერეფერდის თემის მცხოვრებლები. მათი თქმით, წლებია, ადგილობრივი მერიისგან ითხოვენ სოფლის საუბნო გზის შეკეთებას და წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას, თუმცა ეს მოთხოვნა უყურადღებოდ დარჩა მაშინაც, როცა მუნიციპალიტეტის მერი „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი იყო და ახლაც, როცა ადგილობრივ ხელისუფლებაში უმრავლესობით ოპოზიციაა.
“არც გზა და არც წყალი ჩვენთვის არ არის. წყალი მოგვაქვს მეზობელი თემიდან, რომელიც 15-20 კილომეტრის მოშორებით არის. მანქანა ყველას არ გვყავს. შეწუხებული ვართ. ბავშვები სკოლაში რომ გავუშვათ, ამის საშუალება არ გვაქვს. ავადმყოფისთვის სასწრაფოს რომ დავურეკავთ, ერთი საათი უნდა, რომ მოვიდეს. ყველაფრით ჩამორჩენილია ეს სოფელი. სხვა გზა არ დაგვრჩენია, გზის გადაკეტვა გვინდოდა და დააკავეს ხალხი”, - თქვა აქციის მონაწილე მანანა უგულავამ.
ამ წუთებში აქციის მონაწილეებს წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა და მისი მოადგილე თამარ ბელქანია ხვდებიან.