ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი: საქართველოში დავრჩებით მანამ, სანამ საჭირო იქნება
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა დიმიტრიოს კარაბალისმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაარსებიდან მე-15 წლისთავთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფნა ბოლო 15 წლის განმავლობაში ადასტურებს ევროკავშირის გრძელვადიან ერთგულებას მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობისთვის.
„ჩვენ კვლავ ვრჩებით ერთგულები ადგილობრივი თემების სიცოცხლისა და უსაფრთხოების გაუმჯობესების ჩვენი მისიისადმი. ჩვენ დავრჩებით საქართველოში მანამ, სანამ საჭირო იქნება“, - განაცხადა დიმიტრიოს კარაბალისმა.
მანვე თქვა, რომ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეპ ბორელზე დიდი გავლენა მოახდინა საქართველოში საოკუპაციო გამყოფი ხაზის მონახულობამ. „თავად იხილა ხურვალეთში, თუ რას ნიშნავს ბაღში ბასრწვერიანი მავთულხლართის ღობის ქონა ან იმ სასაფლაოზე მისვლის შეუძლებლობა, სადაც შენი ოჯახის წევრები არიან დაკრძალული. ის ამან ძალიან შეძრა. ეს მოგონება მას თან გაყვება ბრიუსელში“ - თქვა დიმიტრიოს კარაბალისმა.