საოკუპაციო ხაზთან არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს
საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ დიცში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები დილიდან მშვიდად მიმდინარეობს. დიცელები გორი- კასპის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ. გორისგან განსხვავებით, სოფელში შედარებით მაღალი აქტივობაა - აქ 12 საათის მონაცემებით 1200 ამომრჩევლიდან 110-მა (დაახლოებით 10 პროცენტი) უკვე გამოხატა საკუთარი ნება.
დიცში ხმას ისევ ტრადიციული მეთოდით აძლევენ. მთლიანად გორი- კასპის საარჩევნო ოლქში კი 12 საათის მონაცემებით აქტივობა მხოლოდ 5 პროცენტს შეადგენს. ეს ინფორმაცია გორის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ მალხაზ მირუაშვილმა გაავრცელა. საარჩევნო ოლქის უბნების დიდ ნაწილში არჩევნები ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს.
გორი-კასპის საარჩევნო ოლქში შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში ორი კანდიდატი იღებს მონაწილეობას: გიორგი სოსიაშვილი (,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“) და მამუკა ტუსკაძე (პარტია „სოციალური სამართლიანობისთვის“). შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გორი-კასპის მაჟორიტარმა გიორგი ხოჯევანიშვილმა საპარლამენტო მანდატი ვადაზე ადრე დატოვა.