სომხეთის წარმომადგენელი ჰააგის სასამართლოზე: ეთნიკური წმენდა რეალობაა
გაეროს მართლმსაჯულების სასამართლოს ჰააგაში სომხეთმა ადრე მიმართა თხოვნით, მიიღოს ზომები, რათა აზერბაიჯანს ვერ განახორციელებინა „ეთნიკური წმენდა“ მთიან ყარაბაღში და დაცული ყოფილიყო რეგიონში ეთნიკური სომხების უფლებები.
აზერბაიჯანის სწრაფმა სამხედრო იერიშმა სექტემბერში აიძულა მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა გაქცეულიყო და რეგიონი დაეტოვებინა.
მოსმენები საქმეში „სომხეთი აზერბაიჯანის წინააღმდეგ“ ჰააგაში დაიწყო 12 ოქტომბერს ორივე მხარის წარმომადგენლების განცხადებებით. სომხეთი მოითხოვს აზერბაიჯანისგან, შეწყვიტოს დამსჯელი ქმედება „მთიანი ყარაბაღის ახლანდელი ან ყოფილი მმართველების და სამხედროების წინააღმდეგ“.
სომხეთის მხარე თვლის, რომ ეთნიკური წმენდა რეალობად იქცა. სომხეთის მხარის ადვოკატთა მთავარმა წარმომადგენელმა, იეღიშე კირაკოსიანმა სასამართლოს განუცხადა, რომ ათი თვის წინ ამავე ტრიბუნიდან ის გამოთქვამდა გაფრთხილებას, რომ აზერბაიჯანი ამ გეგმას ახორციელებს.
„დიდი ტკივილით ვამბობ დღეს, რომ ახლა ეს რეალობაა. ცხრა თვიანი ბლოკადის შემდეგ, რომლითაც უხეშად ირღვეოდა სასამართლოს გადაწყვეტილება, და საერთაშორისო თანამეგობრობის ფართო დაგმობის მიუხედავად, 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა დაიწყო სრულმასშტაბიანი თავდასხმა მთიან ყარაბაღზე და ათი თვის შემდეგ ცინიკურად გახსნა ლაჩინის დერეფანი ერთი მიზნით - გაეშვა იქიდან ასი ათასზე მეტი ლტოლვილი სომეხი,,“ - თქვა კირაკოსიანმა სასამართლოს სხდომაზე.
როცა კირაკოსიანმა ხაზი გაუსვა, რომ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უმრავლესობა ათასწლეულის მანძილზე იყვნენ სომხები, აღნიშნა, რომ ახლა მთიან ყარაბაღში სომეხი მოსახლეობა პრაქტიკულად არ არის. “ თუ ეს არ არის ეთნიკური წმენდა, მაშინ არ ვიცი, რა არის ეთნიკური წმენდა“ - განაცხადა სომხეთის წარმომადგენელმა საერთაშორისო სამართლის საკითხებში.
სომხეთს და აზერბაიჯანს დე იურე აზერბაიჯანის კუთვნილი ტერიტორიის, მთიანი ყარაბაღის რეგიონის გამო ათწლეულების მანძილზე დავა აქვთ. ძირითადად სომხებით დასახლებულ რეგიონს 90-იანი წლების ომის შემდეგ სომხური ძალები აკონტროლებდნენ. დიპლომატიურმა ძალისხმევამ შედეგი მორიგებაზე ვერ გამოიღო. 2020 წლის, შემდეგ კი წელს, სექტემბრის სამხედრო ოპერაციის შედეგად აზერბაიჯანმა დაიკავა რეგიონი, რასაც სომეხი მოსახლეობის მიერ მთიანი ყარაბაღის დატოვება მოჰყვა. 12 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის ინიციატივით გაეროს უშიშროების საბჭო განმიხილავს რეზოლუციას, რომლის თანახმად, უნდა შეიქმნას პირობები იმისთვის, რომ რეგიონს დაუბრუნდეს სომეხი მოსახლეობა.