უკრაინის ქალაქი ავდეევკა მძიმე ბრძოლის ეპიცენტრად რჩება
უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკასთან. უკრაინის გენერალური შტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასულ 24 საათში, ავდეევკასა და მის მახლობლად მდებარე 4 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს მოწინააღმდეგის 20-ზე მეტი შეტევა. გენშტაბის თანახმად, რუსეთი უშედეგოდ ცდილობს ავდეევკის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ხაზის გარღვევას.
რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო ადმინისტრაცია ირწმუნება, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ავდეევკასთან, თავდაცვის პირველ ხაზზე ზოგიერთი პოზიცია დატოვეს, მათთვის რთული სიტუაციის გამო კი, სარდლობამ სარეზერვო ძალები გადაისროლა ბახმუტიდან ავდეევკისკენ.
უკრაინელი სამხედროების მიერ პოზიციების დაკარგვას უარყოფს ავდეევკის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი ბარაბაში. მან ეროვნული ტელემარათონის ეთერში დღეს განაცხადა, რომ ავდეევკისთვის მძიმე ბრძოლა მეოთხე დღეა შეუსვენებლად გრძელდება. ბარაბაშის თანახმად, რუსეთის საოკუპაციო ძალები, რომლებიც ქალაქის ალყაში მოქცევას ცდილობენ, ავდეევკას ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებიდან უტევენ. ბარაბაშმა ავდეევკის დამცველ უკრაინელ სამხედროებს „ტიტანები“ უწოდა.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) მონაცემებით, 10 ოქტომბრიდან რუსეთის ჯარებმა ავდეევკის გარშემო, სხვადასხვა მიმართულებით დაიკავეს 4,52 კმ² ტერიტორია. ამასთან, ამერიკელი ანალიტიკოსები გადაჭარბებულს უწოდებენ ზოგიერთი რუსული წყაროს შეფასებას ავდეევკასთან დიდი წინსვლის შესახებ. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის თანახმად, 10 ოქტომბრიდან, რუსეთმა მოიერიშე ჯგუფების, არტილერიის და ავიაციის გამოყენებით ერთდროულად დაიწყო შეტევა ავდეევკის დასავლეთზე, სამხრეთსა და ჩრდილო-დასავლეთზე.
რუსეთის ჯარები დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის აღებას 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრისთანავე ცდილობდნენ, მაგრამ უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქი შეინარჩუნეს. ბოლო დრომდე ამ რაიონში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობდა.