კონგრესის კომისია თვლის, რომ აშშ რუსეთთან და ჩინეთთან ომისთვის უნდა მოემზადოს
აშშ-ის კონგრესის სტრატეგიული გეგმის კომისიის ანგარიშის თანახმად, აშშ მზად უნდა იყოს რუსეთთან და ჩინეთთან ერთდროული ომისთვის.
145-გვერდიანი ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ „დღეს აშშ იმყოფება არა ერთი, არამედ ორი, ბირთვული პოტენციალის მიხედვით თანაბარი, მეტოქის წინაშე და ორივეს აქვს ამბიცია, რომ საერთაშორისო სტატუს-კვო შეცვალოს ძალის გამოყენებით, თუ ეს საჭირო გახდა. ესაა ვითარება, რომელსაც აშშ არ მოელოდა და რომლისთვისაც ის არ არის მზად“. ანგარიშის მომზადებაში მონაწილე წყარომ სააგენტო Reuters-ს უთხრა, რომ აშშ უშვებს ორი ომის წარმოების ალბათობას, რადგან რუსეთსა და ჩინეთს შორის შეიძლება იყოს „მაქსიმალური კოორდინაცია“. მან უარი განაცხადა ეთქვა სააგენტოსთვის, იცის თუ არა აშშ-ის დაზვერვამ ბირთვული იარაღის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის შესახებ.
ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ ჩინეთის და რუსეთის მხრიდან საფრთხე გამწვავდება 2027-2035 წლებში, ამიტომ გადაწყვეტილების მიღება ახლაა საჭირო. აშშ და მისი მოკავშირეები მზად უნდა იყვნენ ორივე მოწინააღმდეგის შეკავებისა და მათთვის დარტყმის ერთდროულად მიყენებისთვის.
კომისია აშშ-ის ხელისუფლებას ურჩევს, გაზარდოს ჩვეულებრივი შეიარაღება და გააფართოოს ბირთვული იარაღის მოდერნიზების პროგრამა, მიუხედავად „საბიუჯეტო რეალიებისა“. Reuters-ი აღნიშნავს, რომ ანგარიში წინააღმდეგობაშია აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პოზიციასთან, რომლის თანახმად, აშშ-ის ახლანდელი ბირთვული არსენალი საკმარისია რუსეთის და ჩინეთის გაერთიანებული ძალების შესაჩერებლად.
კონგრესის კომისიის მიზანია, შეაფასოს აშშ-სთვის შექმნილი საფრთხეები და მისცეს მთავრობას რეკომენდაცია ჩვეულებრივ და ბირთვულ ძალებში ცვლილებების შესახებ.