ფაშინიანის თქმით, 2500-მა ყარაბაღელმა სომხეთი დატოვა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 12 ოქტომბერს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თუ არაღიარებული მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებული პირები რაიმე მიზეზით ვერ დაბრუნდებიან თავიანთ სახლებში, მაშინ სომხეთის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ისინი სომხეთში დარჩნენ.
„ამის დაფიქსირება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვინდა, გამონაკლისის გარეშე, ყველანი დარჩნენ, ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ სომხეთის რესპუბლიკაში“, - განაცხადა ფაშინიანმა.
პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის მცხოვრებთა ნაწილი სომხეთს ტოვებს, მან მომავალში მათი დაბრუნების იმედი გამოთქვა.
„ყოველდღე ვიღებთ ციფრებს, მთიანი ყარაბაღიდან ჩამოსულმა რამდენმა ადამიანმა დატოვა სომხეთის რესპუბლიკა. ამ მომენტისთვის წავიდა 2500 ადამიანი. იმედი მაქვს, ისინი მოინახულებენ უცხოეთში მცხოვრებ თავიანთ ნათესავებს, იქ გარკვეულ დროს დაყოფენ და დაბრუნდებიან, როდესაც შოკის მდგომარეობას გადალახავენ“, - განაცხადა ფაშინიანმა.
მას არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყნებში წავიდნენ ლტოლვილები. ის გამოეხმაურა ასევე ხმებს, თითქოს სომხეთს ლტოლვილების მიღება არ სურდა.
„სომხეთს არ უნდოდა, რომ მთიანი ყარაბაღის ხალხი იძულებული გამხდარიყო დაეტოვებინა თავისი სახლები. მაგრამ როდესაც ეს მოხდა, ჩვენ საქმით დავამტკიცეთ, რომ მთიანი ყარაბაღიდან ჩვენი ძმებისა და დების საჭიროებებს ისეთივე მზრუნველობით ვეკიდებით, როგორც სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისას“, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
2023 წლის 19-20 სექტემბერს აზერბაიჯანმა ყარაბაღში სამხედრო ოპერაცია ჩაატარა და აღდგენილად გამოაცხადა საკუთარი სუვერენიტეტი.
28 სექტემბერს არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა სამველ შაჰრამანიანმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, „რესპუბლიკა მთიანი ყარაბაღი“ (არცახი) არსებობას შეწყვეტს 2024 წლის 1 იანვრიდან.
5 ოქტომბერს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს აზერბაიჯანის არმიის 19 სექტემბრის სამხედრო ოპერაციას მთიან ყარაბაღში. ევროპარლამენტარები განცხადებაში აზერბაიჯანის ქმედებებს გაუმართლებელ და წინასწარ დაგეგმილ თავდასხმას უწოდებენ, სომხების მასობრივ წასვლას რეგიონიდან კი ეთნიკურ წმენდას ადარებენ.
მთიანი ყარაბაღის 100 ათასზე მეტი მცხოვრები იძულებული გახდა სომხეთში წასულიყო. 34.5 ათასზე ცოტა მეტი ადამიანი უზრუნველყოფილია საცხოვრებლით.
ერევნის მონაცემებით, წლის დასაწყისში რეგიონის სომხური მოსახლეობა 120 ათას ადამიანს შეადგენდა.
მთიანი ყარაბაღი საერთაშორისოდ აღიარებულია აზერბაიჯანის ნაწილად, თუმცა 1990-იანი წლების სეპარატისტული ომის შემდეგ ის დე ფაქტო დამოუკიდებელი იყო. 2020 წელს აზერბაიჯანმა დაიბრუნა დიდი ნაწილი იმ ტერიტორიისა, რომელსაც 1990-იანი წლებიდან ეთნიკური სომხები აკონტროლებდნენ ერევნის მხარდაჭერით.
12 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის ინიციატივით გაეროს უშიშროების საბჭო განმიხილავს რეზოლუციას, რომლის თანახმად, უნდა შეიქმნას პირობები იმისთვის, რომ რეგიონს დაუბრუნდეს სომეხი მოსახლეობა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ყარაბაღის სომეხ მოსახლეობას რეგიონში დარჩენისკენ მოუწოდა და მათი რეინტეგრაციის საკითხზე მოლაპარაკების მზადყოფნა გამოაცხადა.