ისრაელის არმია უარყოფს პალესტინელ დევნილთა კოლონაზე თავდასხმის ბრალდებას
ისრაელის თავდაცვის არმიის ოფიციალური წარმომადგენელი, კონტრ-ადმირალი დანიელ ჰაგარი, კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ისრაელის არმიამ თავდასხმა განახორციელა პალესტინელ დევნილთა კოლონაზე, რომელიც ისრაელის არმიის მოწოდების თანახმად, ჩრდილოეთი ღაზიდან სამხრეთისკენ მიემართებოდა.
ინფორმაცია თავდასხმის თაობაზე შაბათს, 14 ოქტომბერს გაავრცელა ღაზის ჯანდაცვის სამინისტრომ (როგორც ყველა სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს, ჯანდაცვის სამინისტროსაც „ჰამასი“ აკონტროლებს).
Times of Israel ჰაგარის კომენტარს ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის არმიის წარმომადგენელი „ჰამასს“ „ყალბი ინფორმაციის“ გავრცელებაში ადანაშაულებს და ამასთანავე ამბობს, რომ რადიკალური დაჯგუფება პალესტინის მშვიდობიან მოქალაქეებს ცოცხალ ფარად იყენებს.
ისრაელი ღაზის სექტორის მოსახლეობას მოუწოდებს, დატოვოს სექტორის ჩრდილოეთი ნაწილი, რადგან მისი არმია სახმელეთო ოპერაციას იწყებს და გადაინაცვლონ სამხრეთით. „ჰამასი“ მოსახლეობას მიმართავს და აცხადებს, რომ არ გაითვალისწინონ ისრაელის მოწოდება.
ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ ემზადებიან "ინტეგრირებული და კოორდინირებული თავდასხმისთვის ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან" ღაზის სექტორზე, რომელსაც "ჰამასი" მართავს.
7 ოქტომბერს, რადიკალურმა „ჰამასმა“ათასობით რაკეტა გაუშვა ისრაელის მიმართულებით და შეიჭრა ისრაელის ტერიტორიაზე, რასაც მოჰყვა ისრაელის ავიაციის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვის დაწყება.
"ჰამასის" იერიშის შედეგად ისრაელში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 15 ოქტომბრის დილით გავრცელებული მონაცემებით თანახმად, ღაზის სექტორში დაღუპულია 2329 ადამიანი.