ისრაელში ჩავიდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კატრინ კოლონა ისრაელში ჩავიდა. ის ქალაქ აშკელონში, ისრაელელ კოლეგასთან, ელი კოენთან ერთად იმყოფება.
როგორც Time of Israel იტყობინება, კოლონას განცხადებით, მისი ვიზიტი ემსახურება ისრაელისთვის სოლიდარობის გამოხატვას:
„ჩემი ვიზიტით ასევე გვინდა ვთქვათ, რომ საფრანგეთი იზიარებს ისრაელის ხალხის ტკივილს“, - ამბობს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
7 ოქტომბერს, ისრაელის ტერიტორიაზე რადიკალური „ჰამასის“ შეჭრის შემდეგ, საფრანგეთის 17 მოქალაქე დაიღუპა. ამასთანავე, უცნობია საფრანგეთის იმ მოქალაქეების ზუსტი რაოდენობა, რომელთა ადგილსამყოფელის დადგენა ამ ეტაპზე, ვერ ხერხდება. არ არის გამორიცხული, რომ ისინი ისრაელის სხვა მოქალაქეებთან ერთად ტყვედ ჰყავს აყვანილი „ჰამასს“. 15 ოქტომბერს გამოქვეყნებული მონაცემებით, დადგენილია ტყვედ აყვანილი 126 ადამიანის ვინაობა.
საფრანგეთში, არეულობის თავიდან ასაცილებლად, აიკრძალა ყველა სახის პროპალესტინური აქციები.
ერთ-ერთი ასეთი აქცია, რომელიც აკრძალვის მიუხედავად მაინც გაიმართა საფრანგეთში 12 ოქტომბერს, აქციის მონაწილეებისა და პოლიციის შეტაკებით დასრულდა.
7 ოქტომბერს, რადიკალურმა „ჰამასმა“ათასობით რაკეტა გაუშვა ისრაელის მიმართულებით და შეიჭრა ისრაელის ტერიტორიაზე, რასაც მოჰყვა ისრაელის ავიაციის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვის დაწყება.
"ჰამასის" იერიშის შედეგად ისრაელში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 15 ოქტომბრის დილით გავრცელებული მონაცემებით თანახმად, ღაზის სექტორში დაღუპულია 2329 ადამიანი.