უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასულ 24 საათში 90-ზე მეტი შეტაკება იყო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, გასულ 24 საათში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდებოდა, განსაკუთრებით, უკრაინის აღმოსავლეთში.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, 22 ოქტომბერს 90-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა. რუსეთის ავიაციამ 63-ჯერ დაბომბა დონეცკის, ლუგანსკის და ხერსონის ოლქები და საარტილერიო ცეცხლში მოაქცია ამ სამი და ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის და ზაპოროჟიეს ოლქების 140-მდე დასახლებული პუნქტი.
უკრაინის გენშტაბის თანახმად, თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის 10-მდე შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქში, ლიმანის მიმართულებით და ყველა იერიში - დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის რაიონში, სადაც ადრე დაკავებულ პოზიციებს იმყარებენ.
გენერალური შტაბის ცნობითვე, რუსეთის საოკუპაციო ძალები ისევ ცდილობენ ალყაში მოაქციონ დონეცკის ოლქის ქალაქი ავდეევკა, რომლის მახლობლად უკრაინელმა სამხედროებმა 20-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) მონაცემებით, რუსეთი ავდეევკის მიმართულებით აგზავნის დამატებით ძალებს, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. ფრონტალური მექანიზებული შეტევებისას მუდმივად პრობლემებს აწყდება და 19-20 ოქტომბერს ამ მიმართულებით ახალი იერიშის მცდელობა წარუმატებელი იყო.
ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, 22 ოქტომბერს უკრაინის თავდაცვის ძალები კონტრშეტევას განაგრძობდნენ დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის რაიონში და ზაპოროჟიეს ოლქის დასავლეთში.
კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ რუსეთის დასავლეთის სამხედრო დაჯგუფების ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით დღეს დილით წერს, რომ რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის მიმართულებით მოიგერიეს უკრაინელების სამი შეტევა და საბრძოლო მასალების საწყობი და საარტილერიო დანადგარები გაუნადგურეს. უკრაინის გენერალური შტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, კუპიანსკის მიმართულებით მოგერიებულია რუსეთის საოკუპაციო ძალების 15-ზე მეტი შეტევა.