ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთს ომის დასაფინანსებლად მოუწევს რთული გადაწყვეტილებების მიღება
უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო რუსეთის სამხედრო ხარჯების ზრდა ინფლაციას გააძლიერებს და რუსეთის მთავრობას აიძულებს რთული გადაწყვეტილებების მიღებას. ამის შესახებ დღეს, 23 ოქტომბერს, წერს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა.
რუსეთის 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს 2023 წელთან შედარებით, თავდაცვის ხარჯების გაზრდას დაახლოებით 68%-ით, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-მდეა. ამასთან, 2023 წლის დონეზე რჩება ჯანდაცვის და განათლების დაფინანსება, რაც ინფლაციის გათვალისწინებით, ხარჯების შემცირების ტოლფასია. ამ ფონზე, რუსეთს სულ უფრო მეტი თანხა დასჭირდება უკრაინაში დაჭრილი ჯარისკაცების სამედიცინო მომსახურებისა და დაღუპულთა ოჯახებისთვის კომპენსაციის გადასახდელად.
ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის თანახმად, რუსეთის სამხედრო ხარჯების მუდმივი ზრდა ხელს შეუწყობს ინფლაციურ პროცესებს და მთავრობას აიძულებს ომის დასაფინანსებლად მიიღოს რთული გადაწყვეტილებები, რაც, დიდი ალბათობით, გაზრდის რუსულ ბიზნესზე ზეწოლას.
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. 2022 წელს რუსეთში ინფლაციამ 11,94% შეადგინა, რაც 2015 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო.
ოფიციალური სტატისტიკით, 2023 წლის სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, რუსეთში სამომხმარებლო ფასები 14,6%-ით გაიზარდა. ოქტომბრის პირველ ათ დღეში, წლიურმა ინფლაციამ 6,3% შეადგინა.